Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში გამგზავრებამდე ბოლო შეხვედრა ჩაატარა
  • ბორჯღალოსნებმა მარიფილდზე შოტლანდიის ნაკრებისგან 6 ლელო მიიღეს 
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიოში გამგზავრებამდე ბოლო შეხვედრა სტუმრად შოტლანდიასთან გამართა და ანგარიშით 9:36 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე გუნდებმა თბილისშიც ითამაშეს და მაშინაც გამარჯვება შოტლანდიელებს დარჩათ - 44:10.

"მარიფილდზე" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაში შეაფასა:

"ტიერ 1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა მეტი გვჭირდება, რათა უფრო გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა. მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა", - აქვეყნებს ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური.

მარიფილდზე შოტლანდიელებმა ბორჯღალოსნებს 6 ლელო დაუდეს

ახალზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ფრანჩაიზის შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს:

"გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ფრანჩაიზის შექმნა გვჭირდება, რომელიც რეგულარულად ითამაშებს მაღალი დონის გუნდებთან. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ.

ფრანჩაიზის სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება. მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე".

ჰეიგის აზრით, შოტლანდიელებთან მატჩები გამოცდილებისთვის ძალიან კარგი იყო

2019 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებმა სამი მოსამზადებელი მატჩი გამართეს - პრო 14-ის სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზ “საუზერნ კინგსთან” და ორი შოტლანდიის ნაკრებთან.

გუნდი შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში მიდის, სადაც მსოფლიო თასი 20 სექტემბერს დაიწყება. “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავენ.  29 სექტემბერს ურუგვაის ვეთამაშებით, 3 ოქტომბერს - ფიჯის. ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს, ავსტრალიასთან დაპირისპირებით დავასრულებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები