Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 7:6 (8:6), 6:3, 6:1 მატეო ბერეტინი
  • დანიილ მედვედევი 7:6 (7:5), 6:4, 6:3 გრიგორ დიმიტროვი
  • დიდი სლემის წლის ბოლო ტურნირის ფინალში ესპანელი და რუსი ითამაშებენ

ამერიკის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირში ფინალისტები გამოვლინდნენ. ესპანელმა რაფაელ ნადალმა (2) ნახევარფინალში ახალგაზრდა იტალიელი მატეო ბერეტინი (25) სამ სეტში დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში რუს დანიილ მედვედევს (5) შეხვდება, რომელმაც მანამდე ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (78) სძლია.  

ნადალისა და ბერეტინის დაპირისპირება "ბილი ჯინ კინგის" კორტზე გაიმართა და ის 2 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. 33 წლის ესპანელმა 4 ეისი მოაწოდა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და 16-იდან 3 ბრეიკ პოინტი გამოიყენა. 23 წლის იტალიელის ანგარიშზე 9 ეისი, 2 ორმაგო შეცდომა და არცერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.

📺 ვიდეო: რაფაელ ნადალი-მატეო ბერეტინი (მიმოხილვა)

თამაშის შემდეგ ესპანელმა, რომელსაც აშშ-ის ღია პირველობაზე სამჯერ გაუმარჯვია (2010, 2013 და 2017 წლებში), კომენტარი გააკეთა:

"პირველი სეტმა გარკვეულწილად იმედი გამიცრუა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე ცოტა გამიმართლა, რადგან ის 4:0-ს და 5:2-ს იგებდა. მაგრამ გადავრჩი, შემდეგ კი თამაში სრულებით შეიცვალა. უფრო მშვიდად და აგრესიულად ვთამაშობდი, ძალიან მახარებს, რომ US Open-ის ფინალში ისევ ვითამაშებ.

რაც შეეხება მედვედევს, მას მშვენიერი ზაფხული გამოუვიდა. მოიგო ცინცინატი, გავიდა მონრეალისა და ვაშინგტონის ტურნირების ფინალებში, ახლა კი აქ არის. ზაფხულში ის ტურში საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებდა და შესაბამისად, ის ყველაზე ძლიერი მეტოქეა ამ ფინალისთვის. დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იოლ მოწინააღმდეგეს არც უნდა ელოდო".

აშშ-ის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრა, თბილისის დროით 9 სექტემბერს, შუა ღამისას დაიწყება. დანიილ მედვედევი პირველი რუსი ჩოგბურთელია, ვინც ბოლო 14 წლის განმავლობაში დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშებს. რაფასთან დაპირისპირება მისთვის ATP-ის ტურში ზედიზედ მეოთხე ფინალი იქნება.

📺 ვიდეო: დანიილ მედვედევი-გრიგორ დიმიტროვი (მიმოხილვა)

23 წლის რუსმა ფინალური შეხვედრის წინ ლეგენდარულ ესპანელზე ისაუბრა: 

"რაფაზე საუბრისას, ძნელია სიტყვების პოვნა. ის ჩვენი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონია. ის მანქანაა, ნამდვილი მხეცია მოედანზე".

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (1), რომელიც წელს ასპარეზობას 1/8-ფინალში, ტრავმის გამო გამოეთიშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები