Thumbnail
  • გერმანიის ნაკრები ჰოლანდიასთან პრინციპულ დუელში დამარცხდა
  • ბუნდესგუნდმა პირველი ტაიმი მოიგო და თამაში წააგო

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებს სამივე თამაში მოგებული ჰქონდა, ახლა კი პირველი მარცხი იწვნია და ფინალური ეტაპისკენ მიმავალი გზა გაირთულა.

არადა, ჰოლანდიის ნაკრებთან უპრინციპულეს მატჩში იოახიმ ლიოვის გუნდმა პირველი ტაიმის მოგება შეძლო - მიუნხენის ბაიერნის გარემარბმა სერჟ გნაბრიმ გერმანელები მალევე, მატჩის მე-9 წუთზე დააწინაურა.

მაგრამ ჰოლანდიელებმა მეორე ტაიმში თამაშის შეტრიალება მოახერხეს, რად პირველ რიგში ბუნდესგუნდის ცენტრალური მცველის, ჯონათან თას ბრალია! ეს უკანასკნელი ჰოლანდიელთა პირველი გოლის დროსაც ცუდად გამოიყურებოდა, მეორე სულაც საკუთარ კარში გაიტანა და თანაგუნდელები ვერც მესამე გოლის მომენტში იხსნა. მეტიც: მეოთხე გოლის დროს თას დეპაის პასზე რეაგირება მართებდა.

მოკლედ, თამ ისე ცუდად ითამაშა, რომ ლიოვს თუ არ გაახსენდა, მას მთელი საფეხბურთო გერმანია შეახსენებს მატს ჰუმელსსა და ჟერომ ბოატენგის გვარებს, რომლებსაც ბუნდესმწვრთნელმა ნაკრების კარი დაუხურა.

“მატჩის მეორე ნახევარზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პირველ ტაიმშიც არ ვითამაშეთ კარგად. ბურთს ასე იშვიათად არ უნდა ვფლობდეთ. ის, რაც დღეს მოხდა, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ფაქტია, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ,” - ეს გერმანიის ნაკრების მეორე ცენტრალური მცველის, ნიკლას ზიულეს სიტყვებია.

4 თამაშის შემდეგ გერმანიას 9 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, რომელსაც ოთხივე თამაში მოგებული აქვს (12 ქულა). მესამე ადგილზე ჰოლანდიაა 6 ქულით, თუმცა მათ 3 მატჩი აქვთ ჩატარებული. 9 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრობს, ჰოლანდია კი - ესტონეთს, რომელიც ბელარუსთან 1:2 დამარცხდა.

📺 ვიდეო: გერმანია 2:4 ჰოლანდია (მიმოხილვა)

გერმანია 2:4 ჰოლანდია - ბრწყინვალე მატჩი ჰამბურგში

გერმანია 2:4 ჰოლანდია - ბრწყინვალე მატჩი ჰამბურგში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 სექტემბერი, 2019

გერმანია 2:4 ჰოლანდია

გოლები: 1:0 გნაბრი (9), 1:1 დე იონგი (59), 1:2 თა (65-ავტოგოლი), 2:2 კროოსი (73), 2:3 მალენი (79), 2:4 ვეინალდუმი (91)

გერმანია (3-4-3): ნოიერი - გინტერი (84. ბრანდტი), ზიულე, თა - კლოსტერმანი, კიმიხი, კროოსი, ნ. შულცი - გნაბრი, როისი (61. გიუნდოგანი), ვერნერი (61. ჰავერტცი).

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - დუმფრისი (58. პრიოპერი), დე ლიხტი, ვან დაიკი, ბლინდი - დე როონი (58. მალენი), დე იონგი, ვეინალდუმი - პრომესი, დეპაი, ბაბელი (81. აკე).

 

კომენტარები

ბოლო ამბები