Thumbnail
  • შოტლანდიელმა ქომაგმა სპორტულ დღეს არჩევანი ბორჯღალოსნებთან მატჩზე შეაჩერა
  • ედინბურგში 60 ათასამდე ქომაგს ელიან, გლაზგოში ცარიელი ტრიბუნები იქნება

6 სექტემბერი შოტლანდიაში სპორტულად დატვირთული დღეა. საღამოს მასპინძელთა სარაგბო ნაკრები ტესტ-მატჩში საქართველოს უმასპინძლებს, ფეხბურთელები კი ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ეგიდით რუსებს დაუხვდებიან.

თამაშები პრაქტიკულად პარალელურად წარიმართება (რაგბი თბილისის დროით 22:30 საათზე იწყება, ფეხბურთი – 22:45-ზე) და იყო მოლოდინი, რომ მათ თანაბარი აუდიტორია ეყოლებოდათ, თუმცა, ისე მოხდა, რომ სქოთმა ქომაგებმა ფეხბურთს პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადეს და უმეტესობა “ნარშავების” საქომაგოდ ირაზმება.

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში საქვეყნოდ ცნობილ მარიფილდზე საქართველოსთან დაგეგმილ მატჩზე 50-დან 60 ათასამდე ქომაგს ელიან. ცნობისთვის, საფრანგეთთან ორიოდ კვირის წინ გამართულ თამაშზე 67 500 ბილეთი გაიყიდა და ეს, ზედიზედ მე-15 შემთხვევა იყო, როდესაც შოტლანდიელ მორაგბეთა საშინაო შეხვედრაზე სრული ანშლაგი დაფიქსირდა.

ამ ფონზე ძალიან დაიჩაგრნენ შოტლანდიელი ფეხბურთელები. ისინი რუსებს გლაზგოს არანაკლებ ცნობილ ჰემპდენ პარკზე შეერკინებიან, რომლის ტრიბუნებიც 52 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, ისინი დღევანდელ თამაშზე ნახევრად ცარიელი იქნება.

სქოთების არჩევანი მოულოდნელი ნამდვილად არ გახლავთ. ფეხბურთელებისთვის რუსებთან მატჩი მაინც რიგითი შერკინებაა, მორაგბეები კი მსოფლიო თასზე სწორედ “ბორჯღალოსნებთან” თამაშის შემდეგ მიემგზავრებიან და ყველას სურს, საყვარელ გუნდს საკადრისი გაცილება მოუწყოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყანაში დიდი გულისწყრომა გამოიწვია შოტლანდიის რკინიგზის გადაწყვეტილებამ, რომელმაც სპორტული ღონისძიებების მიუხედავად, ყოველდღიური განრიგის შეცვლა არ ინება და ქომაგებს მოუწოდა, სტადიონები თამაშების დასრულებისთანავე ან ცოტა ადრეც კი დატოვონ. შედეგად, ედინბურგიდან და გლაზგოდან მაგალითად აბერდინში მიმავალ ფანებს სპრინტერული გარბენის მოწყობა მოუწევთ, რათა სასურველ მატარებელს დროულად მიუსწრონ...

კომენტარები

ბოლო ამბები