- ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასის წინ ბოლო გამოცდა ელით
- მამუკა გორგოძე ნაკრებს ლონდონის აეროპორტში შეუერთდება
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მოახლოებული მსოფლიო თასის წინ გადამწყვეტი მატჩი ელის. ბორჯღალოსნები ედინბურგში არიან ჩასულნი და ეცდებიან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ შოტლანდიის ძლიერ გუნდს, რომელმაც გასულ უქმეებზე თბილისში 44:10 მოგვიგო.
თამაში ლეგენდარულ მარიფილდზე თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი, საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი ქართველ მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა. მისი თქმით, ბორჯღალოსნები შაბათის ტესტისას დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ეცდებიან.
“დასაფასებელია შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება. “მარიფილდზე“ 56-ათასზე მეტი ქომაგის წინაშე თამაში, ენით აუღწერელი სიამოვნებაა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და გამორჩეული მომენტია ჩვენი მორაგბეებისთვის.
ამინდის გარდა ყველაფერი იდეალურია. საქართველოში ცხელი, მზიანი დღეები გვქონდა, აქ კი წვიმს და საკმაოდ ცივა. ძალიან კარგი იყო ედინბურგთან ერთობლივი ვარჯიში, რისთვისაც კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. ეს მომავალი თამაშის წინ ძალიან დაგვეხმარება.
გასულ შაბათს, რამდენიმე მომენტში “ჩაგვეძინა“ და ამ ეპიზოდებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ტიერ 1-ის გუნდი ტიერ 2-ს ეთამაშებოდა. ჩვენ არ გვინდა მსგავსის განმეორება და განვლილი შეხვედრა დეტალურად განვიხილეთ. მეტოქე იგივე გვყავს და შეცდომების გამოსწორებას ვეცდებით.
შოტლანდია ფეხით თამაშში და შემდგომ რაქებში, დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ვეცდებით ამ კომპონენტებში უკეთესები ვიყოთ“.
დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბეები გეზს იაპონიისკენ აიღებენ. ბორჯღალოსანთა ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე გუნდს 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდი უკვე სრული შემადგენლობით იქნება.
შეგახსენებთ, რომ იაპონია ოთხწლეულის უმთავრეს ტურნირს 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებს კი ჯგუფურ ეტაპზე ტრადიციულად 4 მატჩი ელის.
ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 23 სექტემბერს, თბილისი დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ, 29 სექტემბერს 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით, 3 ოქტომბერს ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს (14:15 საათი) ავსტრალიასთან შეხვედრით ვასრულებთ.
კომენტარები