Thumbnail
  • პოლონელებს რეკორდამდე 1 საჯარიმო დააკლდათ
  • მეოთხედფინალის საგზური სერბეთმაც გაიფორმა 

პოლონეთის და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებებმა მსოფლიოს  2019 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-4 გამარჯვებები მიითვალეს. შედეგად, მაიკ ტეილორის და საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა მეოთხედფინალის საგზურები მე-2 ჯგუფური ეტაპის პირველივე დღეს გაიფორმეს და მომავალი ბატალიებისთვის მზადების დაწყება აქედანვე შეუძლიათ.

დღეს, პოლონელთა წინააღმდეგ პრინციპული მეტოქე რუსეთი იდგა და მართალია, სერგეი ბაზარევიჩის შეგირდები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, საბოლოოდ, სასწორი პოლონელთა მხარეს გადაიხარა.

ადამ ვაჩინსკის (18 ქულა) და მატეუშ პონიტკას (14 ქულა, 9 მოხსნა) წინამძღოლობით, მათ დასკვნითი მეოთხედი 26:17 მოიგეს და რუსეთი, ფაქტობრივად, შემდეგი ეტაპის მიღმა დატოვეს.

ჩინეთში დიდი იმედებით ჩასულ რუსებს მეოთხედფინალში გასვლის თეორიული შანსიღა რჩებათ. ამისთვის, მათ ვენესუელას დიდი ანგარიშით უნდა სძლიონ, ამაზე უფრო რთული წარმოსადგენი კი ისა, რომ არგენტინამ ორივე დარჩენილი თამაში წააგოს.

საინტერესოა, რომ გასულ მატჩში პოლონეთმა 38-დან 35 საჯარიმო ჩააგდო, რაც მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია. რეკორდული შედეგი 2002 წელს უკავშირდება, როდესაც თურქეთმა იმავე რუსეთთან 26 საჯარიმო გამოიყენა.

პოლონელთაგან განსხვავებით, მოსალოდნელი იყო სერბების გამარჯვება, რომელთაც პუერტო რიკოს პირველი ტაიმი 23 ქულით მოუგეს და საქმე შესვენებამდე მოუთავეს.

სერბებმა მეტოქე მოხსნებში – 48:26, პასებში – 30:11, სამქულიანებში კი 11:1 აჯობეს. 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა მიითვალა. დენვერ ნაგეთსის ცენტრმა ორმაგი დუბლი (14 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ნემანია ბიელიცამ 18 ქულა ჩააგდო, ბობან მარიანოვიჩმა – 16, სტეფან ბირჩევიჩმა – 12, ხოლო მარკო გუდურიჩმა – 10.

დილის სესიის კიდევ 2 მატჩი იმ გუნდებს შორის შედგა, რომლებიც მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის იბრძვიან. ირანმა ანგოლელთა წინააღმდეგობა მე-2 ტაიმში “გატეხა”, საბოლოოდ კი, 71:62 მოიგო, რაშიც ლომის წილი მოჰამადსამად ნიკ ხაბაჰრამიმ დაიდო. მის აქტივში 21 ქულა იყო.

შიდა აფრიკული საქმის გარჩევა ჰქონდათ ნიგერიას და კოტ’დივუარს. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც ალექსანდერ ნვორას შეგირდებმა 83:66 მოიგეს, საბოლოოდ კი, 83:66 იმარჯვეს. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ფორვარდმა ალ-ფარუქ ამინუმ 13 ქულას 7 მოხსნა წაამატა, ხოლო ერთ დროს ევროლიგის საუკეთესო მცველად აღიარებულმა, აწ კი ჩინეთში მოთამაშე ეკპე უდომ 13 ქულა ჩააგდო.

დღეს, ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე კიდევ 4 მატჩია დაგეგმილი.

16:00 არგენტინა – ვენესუელა
16:00 ჩინეთი – სამხრეთ კორეა
16:00 ტუნისი – ფილიპინები
16:30 ესპანეთი – იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები