Thumbnail

აკი ბაშო იწყება – ტოჩინოშინი კადობანშია და დადებითი ბალანსი სჭირდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შემოდგომის ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი ცნობილია
  • ლევან გორგაძე ისევ ტრავმირებულია და ოძეკობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
  • ტოჩინოშინს ასანოიამასთან რევანშის შანსი ექნება
  • გაგამარუს ჯურიოში დასარჩენად 6 მოგება სჭირდება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული აკი (შემოდგომის) ბაშოს საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სუპერტურნირი 8-22 სექტემბერს სუმოს მექად ცნობილ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება და მასში ტრადიციულად 2 ქართველი სეკიტორი ჩაებმება – ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა გასული ბაშო მუხლის ტრავმის გამო ვერ დაასრულა, თუმცა, რეიტინგში (ბანძუკე) მცირე წინსვლა მაინც განიცადა და იაპონიის დედაქალაქში აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის რანგში ვიხილავთ. ცუდი ისაა, რომ ლევანი კადობანში გახლავთ ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურს შეჯიბრის უცილობლად დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დასრულება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გორგაძე ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება.

სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი სასურველ ფორმაში ვერც აკი ბაშოს ხვდება და მოსალოდნელია, რომ ტრავმა ხელს ისევ შეუშლის, ამდენად, თუკი მან სასურველი 8 გამარჯვება დააფიქსირა, წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ.

არადა, ლევანს სასტარტო დღეებიდანვე რთული მეტოქეები ჰყავს. ტოჩინოშინი კვირას ძალებს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოსთან მოსინჯავს, რომელთანაც ჩვენებურს ყოველთვის საინტერესო შერკინებები აქვს. ქართველი სეკიტორი მონღოლ გოლიათს, რომელიც 224 კგ-ს იწონის, ურთიერთშეხვედრებში 17:5-ს უგებს.

ორშაბათს ქართველი სუმოისტი იაპონელთა ამომავალ ვარსკვლავს, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ასანოიამას გაეჯიბრება და ამ დაპირისპირებას ყველა გამორჩეულად ელის. შეგახსენებთ, რომ მაისის ბაშოზე სწორედ ტოჩინოშინს და ასანოიამას შორის შედგა სკანდალური ორთაბრძოლა, როდესაც ქართველს ჯერ გამარჯვება დაუფიქსირეს, შემდეგ კი, მონოიმ (მსაჯთა კრება) ჩვენებურს დოჰიოს მიღმა ფეხის არარსებული გადგმა დააბრალა და მოგება იაპონელს მიანიჭა.

იმ შემთხვევის გამო, ტოჩინოშინმა კინაღამ ოძეკის წოდება დაკარგა, თუმცა, საბოლოოდ სასურველი ბალანსი მაინც დააფიქსირა და სკანდალი ასე თუ ისე დავიწყებას მიეცა. ახლა, ჩვენებური იაპონელთან თავისი უპირატესობის დამტკიცებას კიდევ ერთხელ ეცდება და წარმატების შემთხვევაში, ასანოიამასთან თანაბარ ბალანსზე გავა. გასული 3 შერკინებიდან იაპონელს 2 მოგება აქვს.

აკი ბაშოს უმთავრეს ფავორიტებად იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო უნდა მივიჩნიოთ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა იაპონიის მოქალაქეობა მიიღო და სახელოვანი კარიერის დასრულების შემდეგ, შეეძლება ოიაკატა ანუ მწვრთნელ-აღმზრდელი გახდეს. მონღოლეთში დაბადებული მუნხბატინ დავააჯარგალი იაპონიაში 15 წლის ასაკიდან ცხოვრობს, მეუღლე იაპონელი ჰყავს და ვაჟს და სამ ქალიშვილსაც იქვე ზრდის, ამდენად, მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

აკი ბაშოს პირველ დღეს (შიო-ნიტი) ჰაკუჰოს მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, კაკურიუ კი ძალებს კომუსუბი ენდოსთან მოსინჯავს.

ვთქვათ ისიც, რომ ტოკიოში ტოჩინოშინის გარდა, ოძეკის რანგში მხოლოდ გოეიდოს ვიხილავთ, ტაკაიასუმ კი იდაყვის ტრავმა ვერ მოიშუშა და სექტემბრის სუპერტურნირის გამოტოვება არჩია. შესაბამისად, იაპონელი სუმოისტი ნოემბრის ბაშოსთვის კადობანში იქნება და ოძეკობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.

უკვე ტრადიციულად რანგით მე-2 დივიზიონს ჯურიოში მოსინჯავს ძალებს გაგამარუ, რომელიც მომავალ შეჯიბრს აღმოსავლეთის მე-10 ნომრის წოდებით ხვდება. წინასწარი გათვლებით, ქართველმა გოლიათმა 6 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

თეიმურაზ ჯუღელს თავიდანვე მძიმე შერკინება ელის, რადგანაც მისთვის უხერხულ მეტოქეს ქცეულ კიოკუტაისეის ხვდება. დასავლეთის მე-9 ნომერს განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია, თუმცა, ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში 7:3-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები