Thumbnail
  • სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მეათედ გავიდა
  • მას ისტორიული რეკორდის დამხობა სურს
  • სერენას მეტოქე ფინალში 19 წლის კანადელი იქნება

სერენა უილიამსი US Open-ის ფინალში მეათედ ითამაშებს - მას დიდი სლემის 24-ე ტიტულამდე ახლა უკვე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს. 37 წლის ამერიკელმა ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა სულ რაღაც 70 წუთში, 6:3, 6:1 დაამარცხა. სერენა ფინალში კანადელ ბიანკა ანდრეესკუს შეხვდება.

“ნამდვილი სიგიჟეა ის, რომ მორიგ ფინალს ვითამაშებ. თუმცა ამაზე ნაკლებს არც ველოდი,” - განაცხადა უილიამსმა Flushing Meadows-ზე თავისი 101-ე გამარჯვების შემდეგ, რითაც თანამემამულე კრის ევერტის რეკორდი გაიმეორა.

რაც შეეხება ანდრეესკუს: 19 წლის კანადელმა ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 7:6 (7:3), 7:5 მოუგო და დიდი სლემის ფინალში პირველად ითამაშებს. “მგონია, რომ ეს ყველაფერი რეალურად არ ხდება. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ახდენილი ოცნებაა,” - განაცხადა ანდრეესკუმ.

📺 ვიდეო: ბელინდა ბენჩიჩი 6:7, 5:7 ბიანკა ანდრეესკუ (მიმოხილვა)

2017 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ქალიშვილი შეეძინა, სერენა უილიამსისთვის ეს მეოთხე შანსია, გაიმეოროს ავსტრალიელი მარგარეტ კორტის რეკორდი, რომელსაც 24 დიდი სლემი აქვს მოგებული. შარშან, სერენა ფინალში ნაომი ოსაკასთან დამარცხდა - ის წაგება მსაჯ კარლოს რამოსთან ჩხუბმა დაჩრდილა. უიმბლდონის ბოლო ფინალები კი მას ანჟელიკ კერბერთან და სიმონა ჰალეპთან აქვს წაგებული.

სერენამ ორი რეკორდი უკვე დაამყარა: დიდი სლემის ტურნირებზე მის პირველ (1999, მოგება მარტინა ჰინგისთან) და უკანასკნელ ფინალებს შორის 19 წელი და 362 დღეა! გარდა ამისა, სერენა უილიამსი პროფესიული ჩოგბურთის (1968 წლიდან) ყველაზე ასაკოვანი ქალი ფინალისტია.

📺 ვიდეო: ელინა სვიტოლინა 3:6, 1:6 სერენა უილიამსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები