Thumbnail
  • მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე მეორე ეტაპი იწყება
  • პირველი ეტაპის შედეგები და ანალიზი, რას ველოდოთ ფავორიტებისგან?
  • გუნდების სატურნირო პერსპექტივები
  • რამდენიმე სუპერმატჩი მეორე ეტაპზე

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი იღებს სტარტს. ნაკრებები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულები და შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გააგრძელებს ასპარეზობას. სიახლეა ის, რომ პირველი ეტაპის ჯგუფის გამარჯვებულები მეორე ეტაპზე კვლავ ერთად იქნებიან და პირველი ეტაპიდან მათ ქულები მოჰყვებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფიდან მეორე ადგილზე გასულ გუნდებს პლეი ოფში გასასვლელად ბევრად უფრო რთული ამოცანა აქვთ შესასრულებელი. ფაქტობრივად, მათ მეორე ეტაპზე წაგების უფლება აღარ აქვთ.

ფავორიტები - რა გვაჩვენა პირველმა ეტაპმა

სერბეთი

სერბეთი ერთადერთი ფავორიტი იყო, რომელმაც პირველ ეტაპზე უნაკლო კალათბურთი აჩვენა. სერბებმა სამ თამაშში 323 ქულა ჩააგდეს, მათ შორის საკმაოდ ძლიერი იტალიის ნაკრები 15 ქულით დაამარცხეს და ორჯერ გადასცდნენ 100-ქულიან მაჩვენებელს (მაგალითად, აშშ 100 ქულას ვერც ერთხელ ვერ გადასცდა).

ყველაფერი წესრიგშია დაცვაში - ვერც ერთმა მეტოქემ მათთვის 80 ქულის ჩაგდებაც კი ვერ მოახერხა.

სერბებს ძალიან გრძელი გუნდი ჰყავთ, ისინი, ფაქტობრივად, ორი შემადგენლობით თამაშობენ და დროს თითქმის თანაბრად ინაწილებენ - ყველაზე მეტს ბოგდან ბოგდანოვიჩი თამაშობს - თამაშში 24.5 წუთი, გუნდის ყველა წევრს თამაშში 10 წუთზე მეტიც გატარება მაინც უწევს და საშა ჯორჯევიჩს 5 კალათბურთელი ჰყავს, რომელიც პარკეტზე 20-21 წუთს ატარებენ.

ტეოდოსიჩის ტრავმის მიუხედავად, სერბები ძალიან კარგად ათამაშებენ ბურთს. თუნდაც მაშინ, როცა ისინი პარკეტზე ერთდროულად ორი ცენტრით არიან, მათ ბურთის მოძრაობის პრობლემა არ აქვთ. ეს ნიკოლა იოკიჩის დამსახურებაა, რომელიც ნომინალური ცენტრია, თუმცა ბურთს გამთამაშებელივით ფლობს და ყოველთვის შეუძლია სამწამიანი მეორე ცენტრს დაუთმოს, თვითონ კი ბურთის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა. შედეგად, პირველი ეტაპზე სერბეთს ზუსტი სროლების 62.4 პროცენტი, მათ შორის თამაშში 11.7 ჩაგდებული სამქულიანი (53 პროცენტი პერიმეტრიდან).

ჯორჯევიჩის გუნდს ძალიან კარგად გამოსდის ორი ცენტრით თამაში - გუნდში ერთდროულად ოთხი მაღალი კლასის ცენტრია - იოკიჩი, მარიანოვიჩი, მილუტინოვი და რადულიცა. სერბებს ამ ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი და ათლეტური გუნდი ჰყავთ.

შეტევაში მთავარი კაცი ბოგდან ბოგდანოვიჩია (თამაშში 24 ქულა), რომელსაც ფენომენალური სროლა აქვს - ზუსტი სამქულიანების 65.2 პროცენტი და თამაშში 15 ქულა პერიმეტრიდან. ბოგდანოვიჩის გარდა, ჯორჯევიჩი დანარჩენ სროლებს ისე ანაწილებს, რომ გუნდში მაგალითად, მას ერთდროულად 8 მოთამაშე ჰყავს, რომელიც ერთ შეხვედრაში 3-დან 5-მდე ორქულიან ისვრის. ამ გუნდიდან თავის დაცვა შეუძლებელია.

სერბეთი მეორე ეტაპს სამი მოგებით იწყებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფში პუერტო-რიკო ჰყავთ მათ პლეი ოფში გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. მთავარი მატჩი კი ესპანეთთან შედგება. უკვე ბევრი წელია ესპანეთი აშშ-ს შემდეგ საუკეთესო ნაკრების წოდებას მსოფლიოში არავის ანებებს. სერბებს საშუალება ექნებათ, რომ ესპანეთს ეს არაოფიციალური ტიტული ჩამოართვან.

აშშ

მოლოდინისამებრ, უნაკლოდ ვერ დაიწყო ტურნირი გრეგ პოპოვიჩის ამერიკის ნაკრებმა. სამი მოგებული შეხვედრის მიუხედავად, თამაშის ხარისხი კითხვებს აჩენს. რომ არ ყოფილიყო თურქების ზედიზედ ოთხი აცილებული საჯარიმო სროლა, ამერიკა ჯგუფურ ეტაპზევე წააგებდა პირველ ოფიციალურ შეხვედრას 2006 წლის შემდეგ.

პოპოვიჩი წუთებს, მისთვის ტრადიციულად, თანაბრად ანაწილებს და აქცენტს გუნდურ კალათბურთზე აკეთებს. გუნდის ყველა წევრი თამაშში სულ მცირე 10 წუთს, ყველაზე მეტი კი 25 წუთს თამაშობს. ამერიკას ერთდროულად 6 მოთამაშე ჰყავს, რომელიც თამაშში საშუალოდ 10-14 ქულამდე აკეთებს. პოპოვიჩის პრობლემა , რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შემსრულებლების ხარისხია. როდესაც ამერიკის ნაკრები გქვია და გუნდში მესამე ადგილზე ჩაგდებული ქულების მიხედვით ჰარისონ ბარნსია, ესეიგი ყველაფერი იდეალურად არ არის.

გუნდის ლიდერი კემბა უოქერია, რომელიც თამაშში 14 ქულით და 6.3 პასით შეტევას უძღვება. უოქერი და დონოვან მიტჩელი ამერიკის შემტევი თამაშის ძირითადი შემოქმედები არიან. უფრო პრობლემატურია დაცვა, განსაკუთრებით სამწამიანში - თურქეთმა პოპოვიჩის გუნდს 92 ქულა ჩაუგდო.

თურქეთთან თამაშმა ამერიკის პრობლემები გამოაჩინა, თუმცა, ამის მიუხედავად პოპოვიჩის გუნდი სერბეთთან ერთად მაინც ტურნირის უპირველესი ფავორიტია. მეორე ეტაპს ამერიკა სამი მოგებით იწყებს. პოპოვიჩის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს ბრაზილიის დამარცხება და პლეი ოფში გასვლა. მთავარი გამოცდა კი იანისის საბერძნეთის ნაკრებთან შედგება. ამ თამაშმა ამერიკის რეალური ძალა უკეთ უნდა გვაჩვენოს.

საბერძნეთი

რთულად დაიწყო ტურნირი საბერძნეთის ნაკრებმა. ბერძნებს სათადარიგო სკამის პრობლემაც აქვთ და იანისიც, ტურნირის მთავარი ვარსკვლავი, ჯერჯერობით იდეალურად ვერ მოერგო ვერც ნაკრებს და ვერც არაამერიკულ კალათბურთს. იანისის პრობლემა გასაგებია - ნაკლებად სწრაფ და ნაკლებად ათლეტურ არაამერიკულ კალათბურთში იანისს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა უჭირს. განსხვავებულია წესებიც და ათლეტური თამაშის მოყვარული იანისი უფრო იოლად იღებს ჯარიმებს (თამაშში 3.7 ჯარიმა) და უფრო ხშირად უსტვენენ გარბენს. ბრაზილიასთან წაგებულ შეხვედრაში იანისმა ჯარიმების გამო დროზე ადრე დაასრულა შეხვედრა.

არც გუნდი არ უწყობს ხელს - საბერძნეთის ნაკრები, ტრადიციულად, ნელი გუნდია. მაგალითად, იგივე ნიკოლა იოკიჩისგან განსხვავებით, იანისისთვის სისწრაფეს და სივრცეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იანისი თამაშში 15.7 ქულას აკეთებს და თავის გუნდშიც კი არ არის საუკეთესო. საუკეთესო გიორგოს პრინტეზისია თამაშში 16.3 ქულით. ბერძნებს მხოლოდ სამი კალათბურთელი (იანისი, პრინტეზისი, კალატესი) ჰყავთ, რომელიც თამაშში 10 ქულაზე მეტს აკეთებს.

უფრო უცნაურია პრობლემები ბერძნების დაცვაში. ტრადიციულად, დაცვაში ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დაბალშედეგიან კალათბურთს თამაშობს. პირველ ეტაპზე ჯერ ბრაზილიამ ჩაუგდო ბერძნებს 79 ქულა (რაც ცოტა არ არის), შემდეგ კი ახალმა ზელანდიამ -97. საბერძნეთი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და 1 წაგებით იწყებს მეორე ეტაპს. ჩეხების დამარცხება მათ არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა, დიდი ალბათობით შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ პლეი ოფში გასასვლელად, მათ ამერიკასთან მოგებაც სჭირდებოდეთ. მოკლედ, ბერძნებისთვის ტურნირი დიდი პრობლემებით დაიწყო და მათთვის პლეი ოფში გასვლა იოლი ამოცანა არ იქნება.

ესპანეთი

მძიმედ დაიწყო ტურნირი ესპანეთის ნაკრებმა. პირველ ეტაპზე ესპანეთს ძალიან სუსტი ჯგუფი (ირანი, პუერტო რიკო, ტუნისი) ჰყავდა, თუმცა ამის მიუხედავად შეტევაში პრობლემები აშკარაა. პირველ ეტაპზე გუნდის მხოლოდ სამი მოთამაშე გადაცდა თამაშში ათქულიან ზღვარს. მათ შორის ერთ-ერთი რიკი რუბიოა, რომლის უპირველესი საქმე ჩაყრა საერთოდ არ არის. ესპანეთს უჭირს პერიმეტრიდან შეტევა - ზუსტი სროლების მხოლოდ 32.3 პროცენტი. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჯერჯერობით სროლა არ მისდის სერხიო ლულს - მხოლოდ 29.4 პროცენტი პერიმეტრიდან.

📌 ესპანეთის თამაშში მთლიანად დამოკიდებულია მარკ გასოლზე, მის გარეშე წუთებს კი გუნდი არცთუ ისე ეფექტურად თამაშობს.

📌 ესპანელთა ბანაკში კარგი ამბავი ის არის, რომ სამ თამაშში მეტოქეებისგან მათ მხოლოდ 190 ქულა მიიღეს და ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო დაცვა ჰყავთ.

📌 მეორე ეტაპსა და პლეი ოფში ესპანეთმა წესით უნდა მოუმატოს. ეს ძალიან გამოცდილი გუნდია და თავისი დაცვით პლეი ოფში ძალიან უხერხული მეტოქე იქნება.

ესპანეთი სამი მოგებით იწყებს მეორე ეტაპს და მეორე ეტაპზე ორი თამაშიდან ერთი მაინც უნდა მოიგონ, რომ პლეი ოფში გავიდეს. ესპანეთს მძიმე თამაშები ელის - სერბეთის დამარცხება ძალიან რთული იქნება და, სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი თამაში ესპანეთს იტალიასთან, პირველივე ტურში ელის. იტალიამ ესპანეთს ბოლო ორი ოფიციალური თამაში მოუგო, მათ შორის ევრობასკეტზე გამოაგდო პლეი ოფიდან.

ავსტრალია - ტურნირის აღმოჩენა

ძალიან რთულია, აღმოჩენა უწოდო იმ გუნდს, რომელშიც NBA-დან ერთდროულად ოთხი მოთამაშე ჰყავს და ტურნირის წინ ამერიკის ნაკრების დამარცხება მოახერხა, თუმცა ამ ხარისხის თამაშს მაინც ალბათ ბევრი არ ელოდა. ავსტრალიას პირველ ეტაპზე რთული ჯგუფი ჰყავდა - კანადასთან და ლიეტუვასთან ერთად. სამი გამარჯვების შემდეგ, ავსტრალიას კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გავიდეს. ამისთვის მეორე ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ დომინიკის რესპუბლიკასთან გამარჯვებაც იყოს საკმარისი.

ავსტრალიის მთავარი პრობლემა სკამია. როდესაც NBA-ს ოთხეული (მილსი, ინგლსი, ბეინსი, დელავედოვა) პარკეტზე ერთდროულად არ არის, ავსტრალიას თამაში უჭირს. ასე იყო ლიეტუვასთან, მაგალითად, როდესაც ავსტრალიამ მეოთხე მეოთხედის პირველ 5 წუთში ქულა საერთოდ ვერ ჩააგდო. თუმცა, როდესაც ეს ოთხეული პარკეტზეა, ავსტრალიას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. მილსიც, ინგლსიც და ბეინსიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ პირველ ეტაპზე.

სტაბილური ლიეტუვა და საფრანგეთი

მოლოდინისამებრ, მაღალი ხარისხის კალათბურთი ითამაშეს ლიეტუვამ და საფრანგეთმა. ეს გუნდები ტურნირის უპირველესი ფავორიტები არ არიან, თუმცა ორივეს, განსაკუთრებით კი, საფრანგეთს, პლეი ოფში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

პრობლემა ის არის, რომ ისინი მეორე ეტაპზე ერთ ჯგუფში არიან, ლიეტუვა მეორე ეტაპს წაგებით იწყებს და შესაბამისად, დიდი ალბათობით, მათგან მხოლოდ ერთი, ლიეტუვა-საფრანგეთში გამარჯვებული გავა შემდეგ ეტაპზე.

საფრანგეთი ძალიან ძლიერია სამწამიანში. აქ გუნდის ლიდერი რუდი გობერი თამაშობს (თამაშში 10 მოხსნა). პრობლემატური ფრანგებისთვის სამქულიანი სროლების შექმნაა. პერიმეტრიდან ისინი ძალიან კარგად - 52.6 პროცენტით ისვრიან, თუმცა თამაშში მხოლოდ 19 სროლას ქმნიან, რაც ძალიან ცოტაა.

თუ ლიეტუვას საფრანგეთის დამარცხება სურს, აქცენტი სწორედ პერიმეტრზე უნდა გააკეთოს, მით უმეტეს, რომ ლიეტუვას ერთ-ერთი ლიდერი, მათი ცენტრი, იონას ვალანჩუნასი ჯერჯერობით საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს.

ტურნირის იმედგაცრუება და მთავარი სენსაცია

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი იმედგაცრუება გერმანიის ნაკრები იყო. საფრანგეთთან თანაბარ თამაშში მარცხის შემდეგ, გერმანიამ, ორი NBA-ს მოთამაშით (შრიოდერი, ტაისი) დომინიკის რესპუბლიკასთან წაგება მოახერხა და ტურნირს დაემშვიდობა. შედარებისთვის დომინიკის რესპუბლიკის მთავარი ვარსკვლავი ვიქტორ ლისი, პუერტოს რიკოს ჩემპიონატში, გუნდში ლეონეს დე პონსეში თამაშობს. დომინიკის რესპუბლიკის მეორე ეტაპზე ხილვა ტურნირის მთავარი სენსაციაა.

საინტერესო ფაქტები

📌 I ჯგუფი (არგენტინა, პოლონეთი, რუსეთი, ვენესუელა) მკვეთრად გამოხატულად სუსტია და ამ ჯგუფიდან გასულები პლეი ოფში აუტსაიდერები იქნებიან.

📌 საბერძნეთი-აშშ, ლიეტუვა-საფრანგეთი და იტალია-ესპანეთი მეორე ეტაპის მთავარი თამაშები იქნება. სასწორზე ამ გუნდების პლეი ოფში გასვლაა. წაგებული დიდი ალბათობით ტურნირს დაემშვიდობება.

📌 მეორე ეტაპზე ვერცერთი აფრიკული გუნდი ვერ მოხვდა, თუმცა კარიბის აუზიდან ერთდროულად ორი გუნდი (პუერტო რიკო, დომინიკის რესპუბლიკა) გავიდა. ამ რეგიონში კალათბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

📌 ბრაზილიის ნაკრებმა მოულოდნელად სამივე თამაში მოიგო, მათ შორის საბერძნეთთან და ახლა ჩეხეთის დამარცხების შემთხვევაში დიდი ალბათობით პლეი ოფში ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები