Thumbnail
  • სომხეთი 1:3 იტალია
  • ჯანლუიჯი დონარუმას გოლი თბილისში დაბადებულმა კარაპეტიანმა გაუტანა
  • ერევანში მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ კაცნაკლულებმა ქულაც ვერ მოიპოვეს  

იტალიის ნაკრებს ევრო 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 100%-იანი შედეგი აქვს. რობერტო მანჩინის შეგირდებმა J ჯგუფში ზედიზედ მეხუთე შეხვედრაც მოიგეს და 15 ქულით ლიდერობენ.

“სკუადრა აძურამ” ბოლო შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა და მიუხედავად იმისა, რომ ერევანში გოლი თამაშის დასაწყისშივე გაუშვა, საბოლოოდ მაინც ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხებმა მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ჩაატარეს.

სომხეთი 1:3 იტალია

სომხეთი 1:3 იტალია • თბილისში დაბადებული კარაპეტიანის გოლი აძურისთან

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019

ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ანგარიში მე-11 წუთზე ალეკსანდრ კარაპეტიანმა გახსნა. სოჩის ფორვარდს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა იმდენი ქნა, ტაიმის მიწურულს არბიტრს თავი გააძევებინა. მეორე ყვითელი ბარათი კარაპეტიანმა, რომელიც თბილისში დაბადებული და 11 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა, მაღალ ბურთზე ორთაბრძოლისას იდაყვი ლეონარდო ბონუჩის სახეში ჩაარტყა, მეორე ყვითელი მიიღო და სომხეთის ნაკრები 10 კაცით დატოვა.

ალეკსანდრ კარაპეტიანის (N20) ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა

იქამდე კი იტალიელებმა გათანაბრება ანდრეა ბელოტის გოლით მოახერხეს, რომელმაც შესვენების შემდეგ დუბლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შუალედში კი იყო სტუმრების დიდი სათამაშო უპირატესობა და ფედერიკო კიეზას ნაცვლად, მოედანზე შეცვლაზე შესული ლორენცო პელეგრინის გოლი.

რობერტო მანჩინის შეგირდები ევრო 2020-ის შესარჩევში მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, სტუმრად ფინეთთან ჩაატარებენ. სომხეთის ნაკრები კი, რომელსაც 6 ქულა აქვს და ჯგუფში მესამეა, ამავე დღეს ბოსნია-ჰერცოგოვინას უმასპინძლებს.

რობერტო მანჩინის სკუადრა აძურა ჯგუფში შანსს არავის აძლევს

სომხეთი 1:3 იტალია

გოლები: 1:0 კარაპეტიანი (11’), 1:1 ბელოტი (28’), 1:2 პელეგრინი (77’), 1:3 ბელოტი (80’)

გაძევება: კარაპეტიანი (45+1)

იტალია: დონარუმა, ემერსონი, ფლორენცი, ბონუჩი, რომანიოლი, ბარელა (სენსი 69’), ვერატი, კიეზა (პელეგრინი, 61’), ჟორჟინიო, ბერნარდესკი (ლაზანია, 83’), ბელოტი.

კომენტარები

ბოლო ამბები