Thumbnail
  • ანდროს ზლინში ვახტანგ ჭანტურიშვილი დახვდა
  • ქართველი მცველის დებიუტს პრაღის სპარტასთან ელიან

23 წლის ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე უკრაინული ვორსკლადან ჩეხურ ზლინში გადაბარგდა და იქ ვახტანგ ჭანტურიშვილის მხარდამხარ გაირჯება.

ჩეხური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველ ლეგიონერთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მან უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

“ზლინში ჩემი მეგობარი ჭანტურიშვილი ირიცხება, რომელთან ერთადაც საქართველოში 2 წლის წინ მითამაშია. მან მითხრა, რომ ზლინი ჩინებული ქალაქია, გუნდს კი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს და მიზნებიც საკმაოდ მაღალი აქვს, ამდენად, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია”, - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.

ანდროს ახალ გუნდში პირად მიზნებზეც დაეკითხნენ და ხუმრობით უპასუხა, ზლინთან ერთად ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოო.

გიორგაძემ საფეხბურთო კარიერა მარტვილის მერანში დაიწყო, იქ ჩატარებული 45 მატჩის შემდეგ კი პოლტავის ვორსკლას მიაშურა და უკრაინული გუნდის მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 18 თამაში აქვს გამართული.

ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში უკვე 8 ტურია ჩატარებული, ზლინს კი 3 მოგება აქვს და 9 ქულით მე-12 ადგილზეა. ქართველ ფეხბურთელთა გუნდს მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს, შინ, პრაღის სპარტასთან ელის და სავარაუდოა, რომ გიორგაძის დებიუტიც მაშინ შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები