Thumbnail
  • დღის ცენტრალურ მატჩში ავსტრალიამ ლიტვას აჯობა
  • მე-2 ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია

თურქეთის ნაკრებთან მატჩის მერე ამერიკულ მედიაში კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მთელი ჯავრი იაპონიაზე იყარა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში აზიელებს 98:45 სძლია.

გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა მეტოქეს მოხსნებში 58:33 აჯობეს, პასებში – 25:7, დაფარებებში – 5:0, ხოლო სამქულიანებში – 14:3. გამარჯვებულთა რიგებში 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი ბოსტონ სელტიქსის ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი იყო 20 ქულით.

მე-2 ეტაპზე, K ჯგუფში, აშშ-ს, ბრაზილიას და ჩეხეთს შეუერთდა საბერძნეთის ნაკრები, რომელმაც პრინციპულ შეხვედრაში ახალ ზელანდიას 103:95 სძლია. როგორც იქნა, სათანადო დონეზე გაისარჯა მილუოკი ბაქსის ვარსკლავი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც 24 ქულას 10 მოხსნა და 6 პასი წაამატა. ზელანდიელებს უკვე ტრადიციულად კორი უებსტერმა ულიდერა 28 ქულით.

H ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა ავსტრალიის და ლიეტუვას შერკინებაში. ბალტიისპირელები ფავორიტად მოიაზრებოდნენ, თუმცა, ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის რიგებში მოთამაშე NBA-ს კალათბურთელებს: სან ანტონიო სპერსის 31 წლის გამთამაშებელმა პატი მილსმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო ფენიქს სანსის ცენტრმა არონ ბეინსმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 13 მოხსნა.

ლიეტუველებს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შანსი დასკვნითი მეოთხედის სტარტზე ჰქონდათ, როდესაც “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებმა 5 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩააგდეს და დაინიუს ადომაიტისის შეგირდებმა 11-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს. ბალტიისპირელთა სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი გამონათება გამოდგა, ავსტრალია გონს მოეგო და საბოლოოდ, 5 ქულის სხვაობით იმარჯვა.

უკვე ცნობილია, რომ ლიტვა და ავსტრალია მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს და დომინიკის რესპუბლიკას ეთამაშებიან, რომლებიც დღეს ასევე ერთმანეთს გაეჯიბრნენ და ევროპელებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 90:56.

დომინიკელებმა მეტოქის ფარზე ბურთი 17-ჯერ მოხსნეს, თუმცა, ეს არაფერში გამოადგათ, რადგანაც ფრანგთა ლიდერები კარგ ხასიათზე იყვნენ: ნანდო დე კოლომ 15 ქულა ჩააგდო, რუდი გობერმა – 13, მატიას ლესომ – 11, ხოლო ევან ფურნიემ – 10.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე 16-მა საუკეთესო ნაკრებმა გააღწია, რომლებიც ოთხ ჯგუფში განაწილდებიან, პირველი რაუნდის შედეგები კი იქაც გადაყვებათ. თამაშები 6-დან 9 სექტემბრამდე გასტანს, ხოლო ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი: არგენტინა, პოლონეთი, ვენესუელა, რუსეთი

J ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, იტალია, პუერტო რიკო

K ჯგუფი: ბრაზილია, აშშ, საბერძნეთი, ჩეხეთი

L ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, ლიტვა, დომინიკის რესპუბლიკა

კომენტარები

ბოლო ამბები