Thumbnail
  • თურქეთის ნაკრებმა კინაღამ აშშ-ს სძლია, ჩეხეთთან კი ვერაფერი გააწყო
  • ასპროცენტიანთა რიგებს ბრაზილიაც შეუერთდა
  • გამწარებულმა გერმანიამ ჯავრი არაბებზე იყარა

თურქეთის საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ტურში აშშ-ს დამარცხებამდე სულ მცირედი დააკლდა, საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

უფუკ სარიჯას შეგირდებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი დღეს ჩაატარეს, ძალაგამოცლილად გამოიყურებოდნენ და E ჯგუფში უმთავრეს კონკურენტად მიჩნეულ ჩეხეთთან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, 76:91 წააგეს.

საინტერესოა, რომ ჩეხების თავკაცმა რონენ გინზბურგმა 12-კაციანი შემადგენლობიდან 3 კალათბურთელი საერთოდ არ ათამაშა, სამნიც მხოლოდ ხუთიოდ წუთი დატვირთა, ამდენად, ურთულესი შეხვედრის მთელმა სიმძიმემ, ფაქტობრივად, მხოლოდ ექვს მოთამაშეზე გადაიარა და ამ ტაქტიკამ შედეგი მოიტანა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ონდრეი ბალვინმა 17 ქულას 11 მოხსნა წაამატა, ჩიკაგო ბულსის ლეგიონერმა ტომაშ სატორანსკიმ 18 ქულა ჩააგდო, პატრიკ აუდამ – 16, იარომირ ბოჰაჩიკმა – 15, ბლეიკ შლიბმა კი თამაში 8-8 ქულა-პასით დაასრულა. თურქთაგან ლამის მარტო იბრძოდა ჯედი ოსმანი, რომლის მონაგარიც 24 ქულა იყო.

საინტერესოა, რომ თურქეთის ნაკრებმა ბურთი მხოლოდ 3-ჯერ (!) დაკარგა, რაც მიმდინარე ტურნირისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა, მეტოქეს მოხსნებში 26:41 ჩამორჩა და 12-ის წილ 29 ორქულიანი გაუშვა, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ამგვარად, E ჯგუფიდან გამსვლელი დუეტი აშშ-მ და ჩეხეთმა შეადგინეს, რომლებიც მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ძალებს ბრაზილიასთან და სავარუდოდ, საბერძნეთთან მოსინჯავენ.

ბრაზილიის საკალათბურთო ნაკრები იმ გუნდთა რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულეს, არადა, სამხრეთამერიკელებს მონტენეგროს, საბერძნეთის და ახალი ზელანდიის სახით სუსტი მეტოქეები ნამდვილად არ ჰყოლიათ.

ალეკსანდარ პეტროვიჩის შეგირდებმა F ჯგუფში დასკვნითი მატჩი მონტენეგროსთან გამართეს და “ბებერი გვარდიის” წყალობით, 84:73 იმარჯვეს. 36 წლის მარსელინიო უერტასმა 16 ქულა ჩააგდო, 35 წლის მარკინიოს სოუსამ – 13, ხოლო 39 წლის ალექს გარსიამ – 11.

მონტენეგროელები უმთავრეს იმედებს “ტყუპ კოშკზე” ამყარებდნენ ნიკოლა ვუჩევიჩის და ბოიან დუბლევიჩის შემადგენლობით, თუმცა, ამ მათ ჯამში მხოლოდ 18 ქულა მიითვალეს, რაც წარმატებისთვის საკმარისი არ ყოფილა.

H ჯგუფის აუტსაიდერთა ჯახში კანადამ სენეგალს 82:60 სძლია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედის შემდეგ აფრიკელებს 11 ქულით ჩამორჩებოდა. შეხვედრის გმირი საკრამენტო კინგსის გამთამაშებელი კორი ჯოზეფი გახდა, რომელმაც ავსტრალიას და ლიტვას, შესაბამისად, 16 და 15 ქულა ჩაუგდო, სენეგალთან კი, უფრო გაილაღა და 24 ქულა მიითვალა.

დღევანდელი გაბრწყინების მიუხედავად, ჩრდილოამერიკელები ბრძოლას მხოლოდ მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობენ და P ჯგუფში მეტოქეებად გერმანია და იორდანია ეყოლებათ.

ამ უკანასკნელთ, დღეს, G ჯგუფის მე-3 ადგილი გაითამაშეს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ევროპელებმა იოლი გამარჯვება იზეიმეს. საფრანგეთთან და განსაკუთრებით დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებთან განცდილი მარცხით გამწარებულმა გერმანელებმა არაბული ქვეყნის წარმომადგენლებს გასაქანი არ მისცეს და 96:62 განადგურეს.

ჰენრიკ რიოდლის შეგირდებმა გუნდური თამაშის კარგი მაგალითი გვაჩვენეს, პასებში მეტოქეს 29:12 აჯობეს, 31-დან 16 სამქულიანი ჩააგდეს, ორქულიანებში კი საერთოდაც დიდოსტატური მაჩვენებელი ჰქონდათ – 66% (23 35-დან).

ოკლაჰომა სიტის უკანახაზელმა დენის შრიოდერმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, დალას მავერიქსის წევრმა მაქსი კლებერმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო მიუნხენის ბაიერნის წყვილმა დანილო ბარტელის და პოლ ზიპსერის შემადგენლობით, ჯამში, 25 ქულა მოაგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები