Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების თავკაცი კორეასა და დანიასთან მომავალ მატჩებზე საუბრობს
  • სლოვაკმა მწვრთნელმა მეტოქე დაახასიათა და გუნდის შემადგენლობაზე ილაპარაკა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ სფფ-ის პრესსამსახურთან გუნდის მზადებასა და მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა, რომელიც სექტემბერში ელის. 

📺 საქართველოს ნაკრების ვარჯიში ბაშაქშეჰირის სტადიონზე

5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სტამბოლში, ფათიჰ თერიმის სახელობის, ბაშაქშეჰირის სტადიონზე, ამხანაგურ შევედრას სამხრეთ კორეის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს. უკვე სამი დღის შემდეგ კი, 8 სექტემბერს, ეროვნული გუნდი თბილისში, ევრო 2020-ის შესარჩევის მორიგ მატჩს დანიასთან გამართავს.

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ბაშაქშეჰირის სტადიონზე
📷 GFF.GE

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

ვაკო ყაზაიშვილს MLS-ში წარმატებული სეზონის აქვს
📷 GFF.GE

გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. 

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილი სათანადო გუნდში აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. 

ზურიკო დავითაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს
📷 GFF.GE

დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის".

საქართველოს ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, სამი მარცხი და ერთი მოგება აქვს და ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები