Thumbnail
  • რაფაელ ნადალმა დიეგო შვარცმანი სამ სეტში დაამარცხა
  • ესპანელი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალშია
  • რაფას მომდევნო მეტოქე იტალიელი ბერეტინია, რომელმაც მონფილსი დაამარცხა

როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშნენ, რაფაელ ნადალი კი წლის ბოლო დიდი სლემის ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა და ტურნირის ნომერ პირველი ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ რაფამ თამაში 3 სეტში მოიგო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ  დიეგო შვარცმანმა მას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. არგენტინელი დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებულს 2 საათისა და 47 წუთის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ესპანელმა მატჩი მაინც სამ სეტში, 6:4, 7:5, 6:2 მოიგო. ეს ნადალისა და შვარცმანის მერვე დუელი გახლდათ - რვავე თამაში ესპანელს აქვს მოგებული!

“დიახ, თამაში სამ სეტში მოვიგე, მაგრამ ეს დიდი გამოწვევა იყო. როცა დიეგო შვარცმანი თავდაჯერებულია, მისი დამარცხება ძალიან ძნელია ხოლმე. ასე იყო ახლაც. ბედნიერი ვარ, რომ ეს ბარიერი გადავლახე და ნახევარფინალში ვარ,” - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

US Open-ზე მეოთხე ტრიუმფისკენ გზაზე (მანამდე 2010, 2013 და 2017 წლებში მოიგო), ნადალს მთავარი კონკურენტები აღარ ჰყავს: მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა (ტრავმის გამო დანებდა), როჯერ ფედერერი კი მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში რუს დანიილ მედვედევს ხვდება (7 სექტემბერს).

📺 ვიდეო: რაფაელ ნადალი 6:4, 7:5, 6:2 დიეგო შვარცმანი (მიმოხილვა)

ნადალი ნახევარფინალში მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი პირველი იტალიელია ბოლო 42 წელიწადში, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. 23 წლის ბერეტინიმ, რომელიც 24-ე ჩოგანია, მეოთხედფინალში ფრანგი გაელ მონფილსი ძალიან დაძაბულ და დრამატულ, 5-სეტიან დუელში 3:6, 6:3, 6:2, 3:6, 7:6 (7:5) დაამარცხა. ეს თამაში 4 საათი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მეხუთე სეტში, 5:3-ზე ბერეტინიმ მატჩპოინტი ორმაგი შეცდომით გაანიავა, რის გამოც თამაში კიდევ ერთხელ დაიძაბა. 6:5-ზე მან მორიგი ორი მატჩპოინტი ვერ გამოიყენა, მერე კი, ტაიბრეიკში, მეხუთე მატჩპოინტით მოიგო. აქვე ვთქვათ, რომ მონფილსის ანგარიშზე 17 ორმაგი შეცდომა იყო.

მატეო ბერეტინი

“ქულებს ვეღარ ვიხსენებ, მხოლოდ მატჩპოინტებს, - თქვა მატჩის შემდეგ დაღლილმა ბერეტინიმ, რომელიც US Open-ის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია ნოვაკ ჯოკოვიჩის (2010) შემდეგ, - თუმცა არა, მახსოვს ორმაგი შეცდომებიც. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოვიდა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ!”

 📺 ვიდეო: მატეო ბერეტინი 3:6, 6:3, 6:2, 3:6, 7:6 (7:5) გაელ მონფილსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები