Thumbnail
  • ქართველმა ლეგიონერებმა საკონტროლო მატჩი ჩაატარეს
  • თორნიკე და გიორგი სასტარტო ხუთეულებში გამოჩნდნენ

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე 76:65 დაამარცხა. თამაში პამპლონაში გაიმართა და ამხანაგური შეხვედრისთვის საკმაოდ ბევრი – 3 800 მაყურებელი დაესწრო.

სასიხარულოა, რომ ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გამორჩეული ფიგურებიც იყვნენ.

შენგელიამ 25:33 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგიანად გაისარჯა შერმადინიც, რომელიც ტენერიფელთა ახალწვეული გახლავთ. ქართველმა ცენტრმა 19:04 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

ბასკონიელები მომდევნო საკონტროლო მატჩს 7 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ადგილობრივ პო ორტეზთან ჩაატარებენ, შერმადინის იბეროსტარი კი, 6-ში, არაგონაში, ჩვენებურის ყოფილ კლუბ სარაგოსას გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები