Thumbnail
  • ესპანეთმა და არგენტინამ მაქსიმალური შედეგი დააფიქსირეს
  • მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლიეს

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება, სათანადო წინააღმდეგობა ვერც იტალიამ გაუწია. საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა ანგოლას – 46 და ფილიპინებს 59 ქულით აჯობეს, აპენინელებს კი “მხოლოდ” 15-ქულიანი სხვაობა აკმარეს.

სერბების რიგებში საუკეთესო იყო საკრამენტო კინგსის ლეგიონერი ბოგდან ბოგდანოვიჩი, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და 35:41 წუთში 31 ქულა ჩააგდო. ამასთან, სერბი 1994 წლის მერე პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში 30 ქულა, 5 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.

ასეთი თამაშით, ბოგდანმა ნბა-ს კიდევ ერთი წევრის – ოკლაჰომა სიტის ფორვარდ დანილო გალინარის გარჯა გადაფარა, რომელმაც 26 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

დღევანდელი შედეგის მიუხედავად, შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე თამაში ორივე ნაკრებს განაღდებული აქვს. სერბეთი და იტალია მეოთხედფინალის 2 საგზურისთვის ესპანეთს და პუერტო რიკოს გაეჯიბრებიან.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა ესპანეთის ნაკრებმა, თუმცა, ირანთან იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონია.

საფინალო სირენამდე 6:14 წუთით ადრე, მოჰამად ჯამშიდიჯაფარაბადიმ აზიელები 62:57 დააწინაურა, თუმცა, დარჩენილ დროში ირანმა მხოლოდ 3 (!) ქულა ჩააგდო და 65:73 დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრებს 16 ქულით მარკ გასოლმა ულიდერა, ვიკტორ კლავერმა და ხუანჩო ერნანგომესმა კი 11-11 ქულა მიითვალეს და ამ უკანასკნელმა გუნდს 10 მოხსნაც შესძინა.

B ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა გაირკვა არგენტინის და რუსეთის მატჩში. ამ გუნდებს შემდეგ ეტაპზე თამაში განაღდებული ჰქონდათ, თუმცა, თავი არ დაუზოგავთ.

სამხრეთამერეკელები ფაქტობრივად მთელი თამაში წინ იყვნენ, რუსეთმა ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ფაკუნდო კამპაცომ და კომპანიამ დასკვნით ნახევარ წუთში 6 უპასუხო ქულა მიითვალეს და 69:61 იმარჯვეს.

მადრიდის რეალის ვარსკვლავმა მატჩი 21 ქულით დაასრულა, უბერებელ ლუის სკოლას კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა.

მე-2 ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას და რუსეთს ჭიდილი პოლონეთთან და ვენესულასთან მოუწევთ, რომელმაც მთელი ჩინეთი დაამწუხრა და გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძლებს 72:59 სძლია.

სამხრეთამერიკელებმა მეტოქეს შეტევაში 20 ბურთი მოუხსნეს, ჯამში კი აზიელებს ფარზე 49:28 აჯობეს და საწყისი რაუნდის დაძლევა ისტორიაში პირველად მოახერხეს. ვენესუელამ ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 2006 წელს ითამაშა და მხოლოდ 21-ე იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები