Thumbnail

ვუელტას მსხვერპლი – დაპატიმრება პირდაპირ ეთერში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პოლიციელებმა მარიხუანის მოყვარული ტელევიზორით გაშიფრეს
  • იგუალადას მაცხოვრებლები აწი უფრო ფრთხილად იქნებიან

სახალისო ამბავი მოხდა ველორბოლა ვუელტას მიმდინარეობისას, თუმცა, იმ ამბის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელზეც უნდა მოგითხროთ, საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ ექნებოდა.

ტრადიციული ესპანური ტურნირის მორიგ ეტაპს პატარა ქალაქი იგუალადა მასპინძლობდა, როდესაც მისი რიგითი მოქალაქე ვერაფრით წარმოიდგენდა, თავს რა შარში ჰყოფდა.

ცხადია, ვუელტას მორიგი დღის ტრანსლაცია რამდენიმე კამერით ხდებოდა, მათ შორის ვერტმფრენიდანაც, რომელიც პელოტონს მიჰყვებოდა და ზედხედებს აკონტროლებდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში კამერის ობიექტივში რიგითი სახლის სახურავი მოხვდა, სადაც “საეჭვო” სიმწვანე შეინიშნებოდა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ მომენტმა ის პოლიციელებიც დააინტერესა, რომლებიც ტელევიზორებს იდეაში ველოსპორტის სიყვარულის გამო იყვნენ მიმსხდარნი, თუმცა, პროფესიული მოვალეობის შესრულებაც არ დავიწყნიათ.

სამართალდამცავებმა მათთვის საინტერესო მისამართზე შემოწმების ჩატარება გადაწყვიტეს და არც შემცდარან: სახურავზე 40 ძირი მარიხუანა აღმოაჩინეს, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურება მოხდა.
აი, “პლანტატორ” სამართალდამრღვევს კი სერიოზული სასჯელი ელის. მას ან დიდ ჯარიმას გადაახდევინებენ, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, ციხეში სამიდან ექვს წლამდე ვადით ჩაჯდეს.

სავარაუდოა, რომ ის გულში ყველაზე მეტად ვუელტას ორგანიზატორებს წყევლის, რომელთაც იგუალადას ეტაპი შეჯიბრში სწორედ 2019 წლისთვის ჩართეს...

კომენტარები

ბოლო ამბები