Thumbnail
  • ოქსანა ამერიკის ღია პირველობაზე ქართველთა თამაშს გამოეხმაურა
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ნიუ ჰეივენის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც ძალები აშშ-ს ღია პირველობაზეც მოსინჯა, ამერიკაშივე ნიუ ჰეივენის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო.

შეჯიბრის საპრიზო ფონდი 162 480 დოლარია, ოქსანას მეწყვილე კი ანა ბლინკოვა გახლავთ. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდშივე დიდი ბრძოლა გადახდათ.

კალაშნიკოვამ და ბლინკოვამ ავსტრალიელები ლიზეტ კაბრერა და ელიენ პერეზი 3:6, 6:2, 10:6 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ამერიკელ ქუინ გლისონს და ბრაზილიელ ლუისა სტეფანის გაეჯიბრებიან.

ოქსანა ტურნირის მოგების შემთხვევაში 160 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას დიდად ახეირებს. ქართველ ჩოგბურთელს ამ დროისთვის 1405 ქულა აქვს და მე-60 ადგილზეა, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი 43-ე პოზიციაა.

ამასობაში, ოქსანამ სოციალური ქსელის მეშვეობით სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც სახელმწიფოს ჩოგბურთის მიმართ მეტი ყურადღების გამოვლენა სთხოვა.

“ამერიკის გასული ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელებისთვის ყველაზე წარმატებული იყო. ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციაში წააგო, მარიამ ბოლქვაძემ ძირითად ბადეში გააღწია და მე-2 წრეში დამარცხდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-3 რაუნდში იყო, მე კი, პირველი ბარიერის დაძლევა მოვახერხე.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის სპორტის სამინისტრო და ჩოგბურთის ფედერაცია ყურადღებას მიაქცევს, ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, დიდი სლემის ტურნირზე რამდენი ჩოგბურთელი მოხვდა და მათ მათ უფრო მეტად დაეხმარება. მართალია, ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია, მაგრამ ასეთ პრესტიჟულ ასპარეზზე ჩვენ ყველანი საქართველოს წარმოვადგენდით”.

კომენტარები

ბოლო ამბები