Thumbnail
  • შემდეგი ეტაპის საგზური პუერტო რიკომაც მოიპოვა
  • უძლიერესები აუტსაიდერებმაც გამოავლინეს

პოლონეთის საკალათბურთო ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის მოგება მოახერხა.

მაიკ ტეილორის შეგირდებმა ვენესუელას და ჩინეთის ძლევის შემდეგ, აუტსაიდერ კოტ დ’ივუარსაც დამაჯერებლად აჯობეს (80:63) და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მე-3 მეოთხედის სტარტზე აფრიკელები 2 ქულით იგებდნენ.

შეხვედრის გმირი ადამ ვაჩინსკი გახდა 16 ქულით, დამიან კულიგმა კი 14 ქულა მიითვალა. კოტ დ’ივუარის ლიდერმა ჩარლს აბუომ 23 ქულა ჩააგდო.

უკვე ცნობილია, რომ პოლონეთი მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს და არგენტინას ეთამაშება, კიდევ ერთი იღბლიანი გუნდის ვინაობას კი, დღესვე, ჩინეთი და ვენესუელა გაარკვევენ.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა, პუერტო რიკო გახლავთ. ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებმა საწყის ტურში ირანს სოლიდური ჩამორჩენა აღმოუფხვრეს და ახლაც, ტუნისთან შეხვედრის დასკვნით მეოთხედში იყოჩაღეს.

ბოლო ათწუთეული 15:9 მორჩა, თამაში კი პუერტო რიკომ კი C ჯგუფიდან ესპანეთთან ერთად გააღწია და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე სერბეთთან და იტალიასთან ერთად გაირჯება.

დღის კიდევ ორ შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები გაეჯიბრნენ: ნიგერიამ სამხრეთ კორეა 108:66 გაანადგურა, ანგოლამ კი ფილიპინელებს 84:81 მოუგო. აფრიკელებმა მეტოქეს მოხსნებში 55:37 აჯობეს და 15 სამქულიანი ჩაუგდეს, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ აზიელებმა მხოლოდ პირველი ტაიმში გაძლეს, მეორეში კი 24 ქულით განადგურდნენ.

ანგოლა გამარჯვებასთან ძირითად დროშიც ახლოს იყო, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული 17:27 წააგო. ფილიპინელებს ვერ უშველა ვაშინგტონ უიზარდსში გამობრძმედილი ენდრიუ ბლატჩის გარჯამ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები