Thumbnail

Overwatch-ის ახალი სეზონი დაიწყო!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

დღეს, 4 სექტემბერს, როგორც იქნა, Overwatch-ის ახალი, მე-18 სეზონი დაიწყო. Blizzard-მა პოპულარულ მულტფლეიერში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა: თამაშს ''ჩაკეტილი როლები'' (role lock) დაემატა. მოთამაშეები, უკვე კარგა ხანია, ამ ფუნქციის დამატებას მოითხოვდნენ და, როგორც იქნა, სურვილი აუხდათ, თუმცა ეს პრობლემების გარეშე არ მომხდარა.

სეზონი 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მოთამაშეებს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ: გაურკვველი მიზეზის გამო, რანკები საერთოდ აირია. წარმოიდგინეთ პროფესიონალი გეიმერების განცვიფრება, როდესაც საკუთარ გუნდებში ყველაზე დაბალი რანკის მოთამაშეები აღმოაჩინეს!

Blizzard საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდა, 1 სექტემბრის მატჩები გაანულა და დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში, ხარვეზი გამოსწორდებოდა და ახალი სეზონიც დაიწყებოდა.

ახალი სეზონი ბევრ სიახლეს გვპირდება. Overwatch-ში, როგორც იცით, 6x6-ზე იბრძვით. თამაშში, თავიდან 4 ტიპის გმირი იყო: ტანკი, შეტევა, დაცვა და საპორტი. მთამაშეებს შეეძლოთ, ამ როლებიდან თავისი სასურველი აეჩიათ და 6 კაციანი გუნდი შეექმნათ. დაახლოებით ერთი წლის წინ კი,  დაცვისა და შეტევის კატეგორიები გააერთიანეს. დეველოპერები, თამაშის გამოსვლისას და შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაშიც, ამტკიცებდნენ, რომ როლების ჩაკეტვა საჭირო არ იყო, რადგან ასეთი თავისუფლება მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა, უფრო კრეატიულები ყოფილიყვნენ, თუმცა ღია როლები როგორც ჩვეულებივ მოთამაშეებს, ისე ლიგის პროფესიონალებს პრობლემებს უქმნიდა.

გასულ წელს, 2018 წლის Overwatch-ის თასის შესარჩევი მატჩების ღია დივიზიაში, გამოჩნდა გუნდი, რომელმაც დიდი თავსატეხი გაუჩინა როგორც დეველოპერებს, ისე მოწინააღმდეგეებს. ეს იყო გუნდი ''Goats,'' რომელმაც ახალი, იქამდე არნახული სტრატეგია აირჩია და ბრძოლა DPS გმირების გარეშე, 3 ტანკით და 3 საფორთით სცადა. სულ მალე, ამ კომპოზიციამ მთელი ლიგა და ჩვეულებრივი თამაშის ზედა ''რანკები'' მოიცვა: DPS-ს თითქმის არავინ თამაშობდა. 

ეს დეველოპერებს არ მოსწონდათ: იმის გარდა, რომ ლიგის თამაშების ყურება ზედმეტად მოსაწყენი გახდა ( goats-ის კომპით ბრძოლები, როგორც წესი, დიდი ხანი გრძელდება და ნელა მიმდინარეობს), ფაქტიურად, თითქმის ყველა თამაშში, ორივე გუნდი ერთსა და იმავე გმირებს ირჩევდა და, კრეატიული თამაშისა და მოულოდნელობის ფაქტორები, საერთოდ გაქრა.

ჯეფ კაპლანმა, Overwatch-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა, რომელიც, როგორც წესი, მოთამაშეებისთვის მოკლე ვიდეოებს წერს ხოლმე, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ღია როლები დეველოპერების საქმეს ბევრად ართულებდა: თამაშში 30-მდე გმირისათვის ნებისმიერ 6 კაციან კომპიზიციაში, დაბალანსებული უნარების მიცემა საშინლად რთული იყო. 

Goats-ის ''მოსაკლავად'' დეველოპერებმა მისი სტანდარტული გმირების დასუსტება (ნერფინგი) სცადეს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, ბოლოს და ბოლო, ზაფხულის დასაწყისში როლების ჩაკეტვა დააანონსეს.

ჩაკეტილი როლები პირველად სატესტო სერვერზე (public test region) გაუშვეს, რომელზეც მისი გამოცდა ნებისმიერ მოთამაშეს შეეძლო, აგვისტოს შუაში კი, ჩვეულებრივ სერვერზეც, სატესტო რეჟიმში.

დღეიდან, 4 სექტემბრიდან, ჩაკეტილი როლები ძირითად შეჯიბრის (competitive) მოუდში იმუშავებს.

რა არის ჩაკეტილი როლები და როგორ მუშაობს?

ჩაკეტილი როლებით თამაშისას, თითეულ გუნდში მხოლოდ ორი DPS, ორი ტანკი და ორი საფორთი იქნება. იმის გამო, რომ მოთამაშეები როლების თანაბრად განაწილებას ვერ ახერხებდნენ და 4 dps-იანი გუნდი ყველა მოთამაშის კოშმარად იქცა, დეველოპერებმა, გადაწყვიტეს, ერთი და იმავე კატეგორიის 2 გმირზე მეტი ერთ გუნდში არ დაეშვათ.

თუ აქამდე, უბრალოდ ეძებდით თამაშს და შემდეგ ირჩევდით ნებისმიერ გმირს, ახლა, მოგიწევთ, თამაშის ძიებისას მიუთითოთ, რომელი როლის თამაშს აპირებთ: ტანკის, dps-ის თუ საფორთის. თითეულ კატეგორიას აქვს სავარაუდო ლოდინის დრო. თუ რომელიმე კატეგორიის მოთამაშეების ნაკლებებობაა სერვერზე, ამ როლის არჩევისთვის, თამაში დამატებით ქულებს ან მონეტებს გაჩუქებთ, იმის მიუხედავად, თამაშს მოიგებთ თუ არა.

შეგიძლიათ, ძებნისას მიუთითოთ, რომ ორი ან სამი კატეგორიის თამაში შეგიძლიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, თამაში ამ სამი კატეგორიიდან, შემთხვევითობის პრინციპით, ერთ-ერთში მოგახვედრებთ და მატჩის დასრულებამდე ამ როლის შეცვლას ვერ შეძლებთ.

თითეულ როლში, ნებისმიერი გმირის არჩევა შეგიძლიათ.

მატჩის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ, ახალი როლი მონიშნოთ.

გარდა ამის, ცვლილება შეეხლო SR (skill ranking)-საც: ადრე, თუ ერთი SR ქულა გქონდათ და ყველა თამაშის შედეგი მასზე აისახებოდა, ახლა, სამი სხვადასხვა SR გექნებათ და თითეული როლისათვის 5 მატჩის თამაში მოგიწევთ, რომ თქვენი საწყისი SR გაიგოთ.

როლების ახალი განაწილება ბალანსზეც აისახა: შეიცვალა ბალანსი. Ultimate-ების ''დატენვის'' დრო 12 % ით გაიზარდა. მოხდა Goats-ის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი გმირის, ბრიგიტას სრული განახლება. 

კომენტარები

ბოლო ამბები