Thumbnail

ჩხუბი ვარჯიშის შემდეგ? ნეიმარს თანაგუნდელებიც ვეღარ იტანენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონაში ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ნეიმარზე ახალი ცნობები ვრცელდება
  • როგორც ირკვევა, ბრაზილიელმა პსჟ-ში ბევრს აწყენინა

დაიხურა თუ არა სატრანსფერო ფანჯარა, ევროპულ სპორტულ მედიაში მაშინვე გავრცელდა ცნობები, რომ ნეიმარი ძალიან გაბრაზებულია. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იმის გამო წუხს, რომ ვერც ბარსელონაში გადავიდა და მისი შეძენა აღარც მადრიდის რეალმა ისურვა. შესაბამისად, ნეიმარი იძულებული გახდა, პარი სენ-ჟერმენში დარჩენილიყო, რაც სასტიკად არ უნდოდა.

ცნობილია, რომ ბრაზილიელს ვეღარც პარიზული გრანდის ფანები იტანენ. სეზონის პირველ მატჩებში მათ ნეიმარს შეურაცხმყოფელი ბანერები გამოუფინეს და ტრიბუნებიდან აგინებდნენ - მიუხედავად იმისა, რომ არათუ არ თამაშობდა, განაცხადშიც კი არ იყო.

ფრანგული L'Équipe წერს, რომ ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, 27 წლის ბრაზილიელმა ერთ-ერთ თანაგუნდელთან იჩხუბა. ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, ინციდენტი ვარჯიშის შემდეგ მოხდა. L'Équipe წერს, რომ მას მერე, რაც ნეიმარმა ღიად გამოთქვა პსჟ-დან წასვლისა და ბარსელონაში დაბრუნების სურვილი, ის უკვე პარიზელ თანაგუნდელებსაც აღარ “ეხატებათ გულზე”.

როგორც ირკვევა, ნეიმარმა ბარსელონაში თავის ყოფილ თანაგუნდელებს SMS-ები მისწერა ასეთი ტექსტით: “დამშვიდდით, მოვდივარ!” პსჟ-ში სხვა ფეხბურთელებს სწორედ ეს არ მოეწონათ.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ნეიმარი ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს ფრანგულად. “მე ყოველთვის ფრანგულად ვილაპარაკებ და თუ ვინმე ვერ გამიგებს, ვურჩევ, ფრანგული ენის კურსებზე ჩაეწეროს,” - უთხრა L'Équipe-ს პარიზული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ამ სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ის განაცხადში აღარ იყო და ჯერჯერობით უცნობია, როდის დააბრუნებს თომას ტუხელი მის გვარს ძირითად სიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები