Thumbnail
  • გრეგ პოპოვიჩის გუნდი მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა
  • ტურნირზე პირველად წააგო ანტეტოკუნმპოს საბერძნეთმა
  • ლიეტუვა და საფრანგეთი შემდეგ ეტაპზე არიან

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე ქომაგი ყველაზე დრამატული მატჩის მომსწრე გახდა. შანხაიში გამართულ შეხვედრაში ტურნირის უმთავრეს ფავორიტად შერაცხული აშშ-ს ნაკრები თურქეთთან მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა და მეტოქე მხოლოდ ოვერტაიმში დაჯაბნა – 93:92.

საინტერესოა, რომ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა, ბოლოსკენ სიტუაცია დაიძაბა. საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი კალათში ერსან ილიასოვამ ჩააბრუნა და თურქეთი მატჩში პირველად დააწინაურა – 81:79.

ამერიკელებს თამაშის გადასარჩენად მცირე დრო რჩებოდათ. დასკვნითი იერიშის განხორციელება კრის მიდლტონმა გადაწყვიტა, სამქულიანი ააცილა, მოხსნაზე კემბა უოკერმა იმარჯვა, შეხვედრის დასრულებამდე 0.1 წამით ადრე კი შესატევად ჯეისონ ტატუმი აღიმართა, რომელზეც ჩედი ოსმანი დაჯარიმდა.

📺 აშშ - თურქეთი 93:92

ბოსტონ სელტიქსის ფორვარდმა სამიდან მხოლოდ 2 ცდა გამოიყენა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ყველაფერი ასევე ბოლო წამებზე გადაწყდა.

დამატებით ხუთწუთეულში თურქები მელიჰ მაჰმუტოღლუს სამქულიანის წყალობით 5 ქულით დაწინაურდნენ, რასაც უოკერის და ტატუმის 7 უპასუხო ქულა მოჰყვა.

ოვერატიმის დასრულებამდე 9 წამით ადრე, თურქები 1 ქულით იგებდნენ (92:91), როდესაც ისტორიული გამარჯვების მოპოვების მორიგი შანსი მიიღეს. დოგუშ ბალბაიმ მაილს ტერნერს ბურთი მოჰპარა, ჯო ჰარისის ჯარიმა კი მსაჯებმა არასპორტულად ჩათვალეს.

შედეგად, ბალბაის 2 საჯარიმოს ტყორცნის უფლება ერგო, რის შემდეგაც ბურთი ისევ თურქეთს რჩებოდა. ამ დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა: ბალბაიმ ორივე ცდა გააცუდა და ასევე 2 ტყორცნა ააცილა კლივლენდ კავალიერსის ლეგიონერმა ოსმანმა, რომელზეც მარკუს სმარტი თამაშის განახლების შემდეგ დაჯარიმდა. არადა, მანამდე, ჩედის 7-დან 6 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული.

სამაგიეროდ, ხელი არ აუკანკალდა მიდლტონს, რომელიც გადამწყვეტ შეტევაში მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და ბაგრაჰან ტუნჩერის დაჯარიმება აიძულა. კრისმა ორივე ტყორცნა გამოიყენა, აშშ წინ გაიყვანა (93:92), ბოლო ორ წამში ილიასოვას მიერ შორიდან ნასროლი სამქულიანი კი არაზუსტი გამოდგა.

ხსენებული მიდლტონი 15 ქულით გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, უოკერმა 14 ქულა მიითვალა, ჯო ჰარისმა, მაილს ტერნერმა და ტატუმმა – 11-11 (ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც დააგროვა), ხოლო ჰარისონ ბარნსმა – 10. თურქთაგან შეუჩერებელი იყო ილიასოვა, რომელმაც ორმაგი დუბლი (23 ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა.

პოპოვიჩის გუნდი E ჯგუფში 2 მოგებით გალიდერდა და ცხადია, შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს, თუმცა, დღესაც გამოჩნდა, რომ ამერიკელებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება ძალიან გაუჭირდებათ. თუ ვინ გავა ამ ჯგუფში მე-2 ადგილზე, 5 სექტემბერს გაირკვევა, როდესაც თურქეთი ჩეხეთს ეთამაშება, აშშ-ს კი იაპონიასთან მატჩი ელის.

რომ არა აშშ-თურქეთის დაპირისპირება, საკალათბურთო დღის მთავარ თემად უდავოდ საბერძნეთი-ბრაზილიის მატჩი იქცეოდა, რომელიც ევროპელებმა 78:79 წააგეს, არადა, პირველი ტაიმში მეტოქეს 17 ქულით ამარცხებდნენ.

თამაშის დასკვნით წუთზე სამხრეთამერიკელები 76:71 დაწინაურდნენ, რასაც კოსტას პაპანიკოლაუს 2 ჯარიმა და გიორგის პრინტეზისის სამქულიანი მოჰყვა. ანდერსონ ვარეჟაომ და დიდი ლოუზადამ საჯარიმოებით ბრაზილია 79:76 დააწინაურეს, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე კი, კოსტას სლუკასმა 3 ჯარიმის ტყორცნის უფლება მიიღო, თუმცა, მხოლოდ 2 ცდა გამოიყენა და თამაშიც დასრულდა.

📺 ბრაზილია - საბერძნეთი 79:78

ბერძნებმა სრულად ვერ გამოიყენეს თავიანთი უმთავრესი ვარსკვლავის პოტენციალი. იანის ანტეტოკუნმპო ფოლებით მალევე დაიტვირთა, პირველ ტაიმში თამაშიდან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა, მე-5 პერსონალურის მიღებამდე კი, მისი გვარის გასწვრივ 13 ქულა ეწერა, რაც იანისის კალიბრის მოთამაშისთვის ბევრი არაა.

აღნიშნულ ფონზე ელადელთა რიგებში საუკეთესო უბერებელი პრინტეზისი იყო 20 ქულით, ბრაზილიას კი 22 ქულით და 9 მოხსნით კიდევ ერთმა ვეტერანმა ანდერსონ ვარეჟაომ ულიდერა.

ამგვარად, F ჯგუფში ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა. უშანსოდ მხოლოდ მონტენეგროა, რომელიც ბოლო ტურში სწორედ სამხრეთამერიკელებს ეთამაშება, საბერძნეთი და ახალი ზელანდია კი მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელი ნაკრების ვინაობას ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.

დღის კიდევ ორ მატჩში ბრძოლა ნაკლებად იყო. საფრანგეთის ნაკრებმა იორდანელებთან მატჩის მეორე-მესამე მეოთხედების მიჯნაზე 18-ქულიანი გაქცევა მოაწყო, საბოლოოდ, 103:64 იმარჯვა და G ჯგუფიდან უკვე გასულ დომინიკის რესპუბლიკის გუნდს შეუერთდა.

📺 საფრანგეთი - დომინიკის რესპუბლიკა 103:64

ტურნირის სასტარტო შეხვედრაში უფერულად მოთამაშე ნანდო დე კოლომ 19 ქულას 8 პასი წაამატა, რუდი გობერმა კი ტრადიციული ორმაგი დუბლი მიითვალა – 16 ქულა, 13 მოხსნა. ფრანგები და დომინიკელები ჯგუფში პირველი ადგილისთვის ერთმანეთს 5 სექტემბერს შეერკინებიან.

თავი ქუდში აქვს ლიეტუვის ნაკრებსაც, რომელმაც H ჯგუფში ავსტრალიის დარად მე-2 გამარჯვება იზეიმა და საქმის პირველი ნახევარი მოითავა. ბალტიისპირელებმა მათთვის უჩვეულოდ ცოტა 5 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა, მეტოქეს მოხსნებში 46:27 აჯობეს და ამის ხარჯზე 51 ორქულიანი ესროლეს, საიდანაც 31 გამოიყენეს (60.8%).

ედგარას ულანოვასმა 15 ქულა ჩააგდო, იონას ვალანჩუნასმა – 13, მანტას კალნიეტისმა და ლუკას ლეკავიჩიუსმა – 11-11, ხოლო დომანტას საბონისმა – 10. ლიეტუვა და ავსტრალია ჯგუფში პირველი პოზიციისთვის 5 სექტემბერს ითამაშებენ.

4 სექტემბრის განრიგი
11:30 ანგოლა – ფილიპინები
12:00 კოტ დ’ივუარი – პოლონეთი
12:30 პუერტო რიკო – ტუნისი
12:30 სამხრეთ კორეა – ნიგერია
15:30 იტალია – სერბეთი
16:00 ვენესუელა – ჩინეთი
16:30 რუსეთი – არგენტინა
16:30 ესპანეთი – ირანი

კომენტარები

ბოლო ამბები