Thumbnail

ბორჯღალოსნების სუსტი წერტილები - ქართველებს სისხარტე და დისციპლინა დაუწუნეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • Planetrugby-მ საქართველო-შოტლანდიის მატჩი გააანალიზა
  • ქართველ მორაგბეებს სისხარტე და დისციპლინა დაუწუნეს

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან განცდილმა მარცხმა “ბორჯღალოსნების” ქომაგებს საფიქრალი ნამდვილად დაუტოვა. მილტონ ჰეიგის შეგირდები თბილისში პირველად ჩამოსულ ევროპულ გრანდთან სუსტად გამოიყურებოდნენ და მართალია, მათგან გამარჯვებას ცოტა თუ ელოდა, ყველა თანხმდება: მსოფლიოს თასის მოლოდინში მყოფ ქართველებს უკეთ გარჯა შეეძლოთ.

საქართველოს ნაკრების თამაშს ცნობილი სარაგბო გვერდი Planetrugby გამოეხმაურა და ანალიტიკოსმა სემ ლერნერმა თბილისური შერკინება დეტალურად გაანალიზა. ძირითადი აქცენტი ბორჯღალოსანთა სუსტ მხარეებზე გაკეთდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა: გასულმა მატჩმა ბორჯღალოსანთა მინუსები ნათლად წარმოაჩინა.

“2007 წლის მსოფლიო თასი პირველი იყო, როდესაც ჯგუფებში მე-3 ადგილებზე გასულმა გუნდებმა მომდევნო ტურნირზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გარეშე მიიღეს. 2015 წელს ამით საქართველოს ნაკრებმაც ისარგებლა და ტონგას და ნამიბიის უკან მოტოვებით, ავტომატური საგზური მიიღო. ამან ქართველებს საშუალება მისცათ ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრისთვის მშვიდად მომზადებულიყვნენ და ახალგაზრდა ბიჭები ისე გამოეცადათ, რომ შედეგზე საფიქრალი არ ჰქონოდათ.

საქართველო-შოტლანდიის მატჩმა ბევრი საფიქრალი გააჩინა

საქართველოს ნაკრებმა 2016 წელს 8 მატჩი მოიგო, 2 წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, 2017 და 2018 წლებში სტატისტიკა იდენტური იყო – 8 გამარჯვება და 3 მარცხი, 2019-ში კი ქართველებმა 5 გამარჯვებას ერთადერთი მარცხი მიაყოლეს. ჯამში, 2016 წლიდან მოყოლებული, ეს 29 მოგებას, 9 მარცხს და ფრეს გვაძლევს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუმცა, იქნება თუ არა საკმარისი უმთავრესი მიზნისთვის, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასზე ფიჯის დამარცხება წარმოადგენს?

საქართველოს ფიჯელთა წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია და ზურგს 1 გამარჯვება უმაგრებს. საერთო ჯამში, ქართველებს კუნძულელთათვის 16 ქულით ნაკლები აქვთ გატანილი, რაც ფიჯის არცთუ დიდ, თუმცა, მაინც უპირატესობაზე მეტყველებს. თბილისში შოტლანდიასთან თამაშმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთი სუსტი წერტილი აქვს, რის გამოყენებასაც უელსი, ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი უკვე მოახლოებულ ტურნირზე ეცდებიან.

მსოფლიოში ბევრი გუნდია, რომლებიც ფეხით ბურთის გადაკიდებას არც კი ეცდებიან, თუკი მისთვის ბრძოლის შანსი არ აქვთ. მაგალითად, ახალი ზელანდია და სკარლეტსი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხაზი ხელდახელ თამაშით გაჭრან... თუმცა, ქართველებთან შერკინებისას ბურთის ფეხით ამოტანა და აბრაგანების ხშირი გამოყენება, შესაძლოა, მძლავრი იარაღი გახდეს.

ეს ნათლად დაგვანახეს შოტლანდიელებმა, რომელთაც პირველივე წუთებიდან აქცენტი სწორედ ფეხით თამაშზე გააკეთეს და ამით მასპინძლებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

პირველ შემთხვევაში ფინ რასელმა ბურთი საკუთარი ოცდაორიდან დაარტყა და მართალია, სოსო მათიაშვილმა ის თავისუფალ ზონაში დაიჭირა, სქოთების არაერთი მორაგბე უკვე მეტოქის მოედნის ნახევარზე იყო ასული. ქართველი იქვე შებოჭეს, გადაყრამ დააგვიანა და სტუმრებმა ჯარიმა გამოიმუშავეს.

ფაქტობრივად იდენტური მომენტი. რასელი დაახლოებით იგივე ზონაში კვლავ მათიაშვილის მიმართულებით ურტყამს. სოსოს ისევ საკუთარ ნახევარზე ბოჭავენ და მართალია, ამ დროს მასპინძლები ჯარიმას გადაურჩნენ, უპირატესობა მაინც შოტლანდიელებმა მიიღეს. სტუმრებმა საქართველოს ნაკრების ფულბექს იერიშის დაწყების საშუალება არ მისცეს, ბურთიანად უკან დაახევინეს და ისე გამოვიდა, რომ თავისი 22-დან ძალიან იოლად გამოვიდნენ.

ამ შემთხვევაში რასელმა დარტყმაში მცირე კორექტივები შეიტანა, რაც ასევე დამუშავებულ ამბავს ჰგავდა. ფინმა ოდნავ მოკლე გადაკიდებას მიმართა, რამაც შუამარბ დარსი გრემს საშუალება მისცა ბურთზე ჰაერშივე ეთამაშა. წნეხმა მათიაშვილი ისევ დააბნია, მან ოვალისთვის მხოლოდ ხელის მირტყმა მოახერხა, სქოთებმა კი წინ თამაშის უპირატესობა და ახალი შეტევის დაახლოებით 10-მეტრიანი წყვეტილი ხაზიდან წამოწყების შანსი მიიღეს.

აქ ტაქტიკურ ბრძოლაში უკვე გრეგ ლეიდლოუ ერთვება, რომელსაც თამაშის კითხვა ასევე არ დაეწუნება. შოტლანდიის ნაკრების გამოცდილი 9 ნომერი აბრაგანს უკვე არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ფლანგზე, ოღონდ ისევ მათიაშვილის მიმართულებით ჰკიდებს. ისე სჩანს, შონ მეითლენდმა ლეიდლოს განზრახვის შესახებ უკვე წინასწარ იცის, უსწრაფესად არბის და სოსოს ბურთის დაჭერისთანავე ხისტად ბოჭავს. ამ ეპიზოდში არა, თუმცა, მომდევნო ფაზაში საქართველოს ნაკრები თავის ნახევარზე კიდევ ერთ ჯარიმას იღებს.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ უელსელთა მგეზავი დენ ბიგარი აღნიშნულით ქართველებს არანაკლებად გააწამებს, ფიჯის ნაკრებზე კი იგივეს თქმა გაჭირდება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, კუნძულელები მათთვის არაპოპულარული ტაქტიკით თამაშს გადაწყვეტენ თუ არა. ფიჯი ხომ ლამის მოედნის ყველა წერტილიდან შეტევას ხელდახელ ანვითარებს... როგორც არ უნდა იყოს, D ჯგუფში, უელსის და ავსტრალიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, რაგბის ქომაგი ყველაზე მეტად ქართულ-ფიჯურ შერკინებას ელის.

წაიკითხერაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობს მამუკა გორგოძე

თუკი საქართველოს ნაკრებს წარმატებაზე ფიქრი სურს, კიდევ ერთი კომპონენტი, რომლის გამოსწორებაზეც უნდა იფიქროს, დისციპლინაა. ზოგადი წარმოდგენით, ქართველები ამ მხრივ მოიკოჭლებენ, არადა, სტატისტიკა სხვა სურათს გვაძლევს. 2016 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებს 43 მატჩში 23 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ 1.9 თამაშში ერთ სინბინს გვაძლევს და კატასტროფული მაჩვენებელი ნამდვილად არაა. მაგალითისთვის, ინგლისს 48 შეხვედრაში 18 ყვითელი უგროვდება და ეს საშუალოდ 2.8 მატჩში ერთია, ავსტრალია კი ორ თამაშში ერთ სინბინს იღებს.

თუმცა, ეს მხოლოდ სინბინებია, ზეწოლის ქვეშ მყოფი ქართველების ხშირი ჯარიმები კი თვალშისაცემია. შოტლანდიასათან მატჩის სტარტზე საქართველოს ნაკრების უდისციპლინო გარჯა ყველამ დააფიქსირა. ისე სჩანდა, რომ მასპინძლებს ერჩივნათ ზედ კარის წინიდან სქოთებისთვის 3 ქულის აღების საშუალება მიეცათ, ოღონდ კი, მათ ბურთი ხაზზე არ გაეთამაშებინათ. აღნიშნულის გამო, ლამის ნებისმიერი რაქიდან მოგებული სტუმრები რჩებოდნენ. ლეიდლოუმ რამდენიმე იოლი ჯარიმა გაიტანა, რიგ შემთხვევებში კი, შოტლანდიამ ჯარიმის წყალობით, ათეულობით მეტრი მოიგო.

კიდევ ერთი კომპონენტი, რაშიც სქოთებს გამორჩეული უპირატესობა ჰქონდათ, სისწრაფე იყო. სტუმრები ყველაფერს უმაღლეს ტემპში აკეთებდნენ, რაშიც აყოლა მასპინძლებს ძალიან უჭირდათ. ამ ფონზე, სტუმრებმა მეტოქის ხაზის გაჭრა რადენჯერმე მოახერხეს, რაც ლელოებით დასრულდა. სქოთების სხარტი უკანახაზელები ღრიჭოების მონახვას ქართველ ფორვარდებს შორის ახერხებდნენ. ამ შემთხვევაშიც რასელმა მის წინ მხოლოდ მოუქნელი მორკინალები დაინახა და წამითაც არ დაფიქრებულა. ხაზი გაიჭრა, მიყოლაც კარგი იყო და ლელოს დადება მხოლოდ ტექნიკის საქმე გახლდათ.

კლასიკური მაგალითი, როდესაც ქართველებმა ჯარიმის აღება ვერ მოასწრეს და ბურთი ხაზზე ჩათამაშდა. ამ ეპიზოდშიც ლელო სტუმართა სწრაფმა გარჯამ განაპირობა. ლეიდლომ ბურთი დროულად აიტაცა, ჯონ ბარკლიმ შექცეული პასით ოვალი კიდევ უფრი მარჯვნივ გაუშვა და მართალია, ფლანგზე მიმყოლი კიდევ იყო, გრემმა ფინტებით ბოლო დაცვითი ხაზის გავლა თავადვე მოახერხა.

ყველაფრის მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მაღალი დონის ნაკრები ჰყავს, რომელიც ალბათ ურუგვაის მოუგებს, ფიჯის დამარცხების შანსი ექნება და ავსტრალიას და უელსსა დიდ ბრძოლას გაუმართავს. მათი სიძლიერე ფორვარდებსა და შერკინებაშია. ცხადია, რომ მეტოქეები ქართველებს აიღე და მიეძალეში არ უნდა აყვნენ და გამარჯვებისთვის სხვა კომპონენტები მონახონ.

პირველ რიგში ბურთი ქართველთა ფორვარდებს უნდა მოარიდოთ. ისინი თამაშში რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში უნდა იყვნენ ჩართულნი.

მეტოქეებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საქართველოს ნაკრების უდისციპლინობა. რამდენიმე ფაზის გადაბმის შემთხვევაში, იმის შანსი, რომ ქართველები დაჯარიმდნენ, იზრდება, ეს კი, 3 ქულის აღების ანაც კარგი დერეფნის გარანტიაა.

გარკვეული უპირატესობის მიღება შეიძლება იქიდანაც, რომ ქართველი მორაგბეები თამაშის სტარტს მცირედით მოდუნებულები ხვდებიან. ხშირ შემთხვევაში, ქართველები საწყის ქულებს თავად უშვებენ და შესვენების შემდეგაც კონცენტრაციის დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდებათ.

ამავდროულად, არ უნდა ელოდოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ფიზიკური გამძლეობის და გადაღლილობის ხარჯზე აჯობებთ. შოტლანდიელებმა თბილისური მატჩის პირველი ტაიმი 23:3 მოიგეს, მე-2 კი – 21:7. იტალია შესვენებისთვის ქართველებს 18:7-ს უგებდა, ხოლო მე-2 ნახევარი ფრედ (10:10) დასრულდა. სამოა 19:10 დაწინაურდა, საბოლოოდ კი, საქართველომ 27:19 იმარჯვა. ტონგასთან საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ერთქულიანი უპირატესობით (7:6) დაასრულა, საბოლოო ანგარიში კი გაცილებით სოლიდური იყო – 20:9. მოკლედ, თუკი მიჩვეულები ვართ, რომ მე-2 დონის ნაკრებები თამაშის მიწურულისკენ იღლებიან, საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები