Thumbnail

'ოღონდ ტკივილი გამიქრეს და...' - ბატისტუტა ფეხში პროთეზს იდგამს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 50 წელს მიღწეული არგენტინელი ლეგენდა სექტემბერში ოპერაციას გაიკეთებს
  • ტრავმებისგან გატანჯულ ბატიგოლს მარცხენა ფეხის კოჭში პროთეზს ჩაუდგამენ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, გაბრიელ ბატისტუტას ოპერაციას ჩაუტარებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლის “ბატიგოლს”, რომელსაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი იტალიაში - ფიორენტინაში, რომასა და მილანის ინტერში აქვს გატარებული, მარცხენა კოჭში პროთეზს ჩაუსვამენ.

ბატისტუტა  ტრავმებმა არც კარიერის დასრულების შემდეგ მოასვენა 

"ბოლოს და ბოლოს, მექნება პროთეზი. ამაზე წლობით ვფიქრობდი. ყველაფერი კი 17 სექტემბერს გაკეთდება და დღეებს ვითვლი იქამდე, - აქვეყნებს ლეგენდარული არგენტინელის ნათქვამს Clarin. - დიდი იმედი მაქვს, ტკივილი აღარ შემაწუხებს ჯდომისას, შემდეგ კი სიარულსაც შევძლებ. თუკი თხილამურზე დავდგები ან გოლფსაც ვითამაშებ, კიდევ უკეთესი.

მაგრამ მთავარი მიზანი - ტკივილის გაქრობაა. ყოველთვის ბოლომდე ვთამაშობდი, მეტოქისთვის უპირატესობა რომ არ მიმეცა. კონკურენციის დონე ძალიან მაღალი იყო და სწორედ ამან მიმიყვანა ამ ვითარებამდე".

ბატისტუტას იმედი აქვს, რომ ოპერაციის შემდეგ, ფეხზე გაივლის

ცნობილია, რომ გაბრიელ ბატისტუტა ტრავმებმა კარიერის დასრულების შემდეგაც ძალიან გააწამა. წლების წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან არ დამალა, რომ ტკივილსგან გაწამებული, ექიმს ფეხების მოკვეთას თხოვდა: "როცა კარიერა დავასრულე, სიარული აღარ შემეძლო - არათუ ერთი თვის, უკვე ორი დღის შემდეგ. ტუალეტი სამ მეტრში იყო, მაგრამ წამოდგომაც არ შემეძლო…".

ლეო მესის გამოჩენამდე, ბატიგოლი ალბესელესტეს საუკეთესო ბომბარდირი იყო

გაბრიელ ბატისტუტა 77 მატჩში გატანილი 54 გოლით, არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იქამდე იყო, სანამ მისი მიღწევა ლიონელ მესიმ არ გააუმჯობესა. "ალბესელესტესთან" ერთად მან ამერიკის თასი 1991 და 1993 წლებში მოიგო.

ყოფილმა თავდამსხმელმა ფიორენტინასთან ერთად იტალიის თასი (1995/96) და სუპერთასი (1996) მოიგო, რომასთან ერთად კი ქვეყნის ჩემპიონი (2000/01) და სუპერთასის (2001) მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები