Thumbnail

ლეგენდის ბოლო მატჩი - როგორ გაუშვა გერმანელმა ბეკერმა ანდრე აგასი პენსიაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზუსტად 13 წლის წინათ ანდრე აგასიმ კარიერა დაასრულა
  • გავიხსენოთ ლეგენდარული ჩოგბურთელის ბოლო მატჩი

2006 წლის 3 სექტემბერს, ლეგენდარულმა ანდრე აგასიმ დიდ ჩოგბურთში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. აგასის კარიერა, აშშ-ის ღია პირველობის მე-3 წრეში, გერმანელმა ბენიამინ ბეკერმა დაამთავრებინა - 114 მატჩის, დიდი სლემის ტურნირებზე 8 ტრიუმფის, 60 მოგებული ტურნირის, დევისის თასზე 3 წარმატებისა და ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ.

“ტაბლო ამბობს, რომ დღეს მე წავაგე, მაგრამ ტაბლომ არ იცის, რა გავაკეთე ბოლო 21 წლის განმავლობაში და რამდენი რამ მოვიგე ამ პერიოდში. მადლობა ყველას!” - განაცხადა თვალცრემლიანმა აგასიმ ბეკერთან მარცხის (5:7, 7:6, 4:6, 5:7) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, უშუალოდ თამაშის დასრულების შემდეგ, მაყურებლები აგასის 8 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს. მათ შორის იყო მისი მეუღლე, ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელი - გერმანელი შტეფი გრაფი.

შტეფი და ანდრე ახლა ლას ვეგასში ცხოვრობენ

ჩოგბურთელმა არასდროს იცის, როდის იქნება მისი ბოლო მატჩი, მაგრამ მე იმ თამაშის წინ უკვე რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ფიზიკურად უკვე ძალიან მიჭირდა. ჩემი დამარცხება რთული აღარ იყო,” - იხსენებს აგასი გაზეთ “ველტთან” ინტერვიუში.

მეტოქე ბენიამინ ბეკერი იმ დროისთვის მსოფლიოს 112-ე ჩოგანი გახლდათ. სწორედ მას გაუმართლა - სწორედ გერმანელმა გაუშვა მისთვის მისაბაძი მაგალითი აგასი პენსიაზე. “ეს ჩემთვისაც ძალიან რთული და ემოციური მომენტი იყო. თან მიხაროდა, რომ ანდრეს დამარცხება შევძელი და თან ძალიან დამწუხრებული ვიყავი,” - ამბობდა ბეკერი, რომელიც მაშინ 25 წლის გახლდათ.

ანდრე აგასი კარიერის დასაწყისში

მისი მომდევნო მეტოქე ენდი როდიკი კი ბედნიერი გახლდათ იმით, რომ მას არ მოუწია აგასის ტურნირიდან გაგდება: “არავის უნდა, იყოს ის კაცი, ვინც ბემბის ესვრის!” - განაცხადა როდიკმა.

თავად ანდრე აგასი კი თითქოს დიდი წნეხისგან გათავისუფლდა: “ხვალ გავიღვიძებ და აღარ ვიდარდებ იმაზე, რომ ცუდ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ეს ძალიან მაგარი დილა იქნება,” - ამბობდა იმ დროს 36 წლის ლეგენდარული ჩოგბურთელი.

აგასი ახლა მეუღლე შტეფი გრაფთან და ორ შვილთან ერთად ლას ვეგასში ცხოვრობს.

📺 ვიდეო: ბენიამინ ბეკერისა და ანდრე აგასის მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები