Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების და რუბინის ნახევარმცველის ინტერვიუ რუსულ მედიაში
  • 18 წლის ფეხბურთელი რუსეთში ცხოვრებაზე, საკლუბო და სანაკრებო ამბებზე

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ახალგზარდა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ გუნდში შეკრებაზე გამოცხადებამდე რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საფეხბურთოსთან ერთად, არასაფეხბურთო თემებზეც ისაუბრა. 

18 წლის კვარაცხელია БИЗНЕС Online-ს ესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ რთულია მის ასაკში ოჯახიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ყოფნა.

"ძნელია ოჯახს რომ მოწყდები. განსაკუთრებით ლოკომოტივში გადასვლის დროს გამიჭირდა, მაშინ პირველად აღმოვჩნდი საკუთარი სახლიდან დიდი ხნით შორს. ძალიან  მენატრებოდნენ ოჯახის წევრები და მათ გამუდმებით ტელეფონით ვუკავშირდებოდი. მაგრამ ამას ვიღებ, აბა, სხვაგვარად როგორ იქნება? თუკი მსურს, რომ გავხდე დიდი ფეხბურთელი, ასეთ სირთულეებს უნდა შევეგუო. პირველ ხანებში განსაკუთრებით მიჭირდა მეგობრებისა და ნაცნობი გარემოს გარეშე ყოფნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდა". 

18 წლის ქართველმა რუბინის მაისურით პირველი გოლი უკვე გაიტანა

ხვიჩამ რუსულ მედიას საყვარელ კერძებსა და თავის მშობლიურ მხარეზეც ელაპარაკა:

"რუსეთში განსაკუთრებით ხინკალი მენატრება - ოჯახურ პირობებში მომზადებული! ასევე ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური და ყველას ვურჩევ, გასინჯოს. თავად სამეგრელოდან ვარ და მიყვარს ჩვენი კერძი - ელარჯი. 

თავს ყველაზე კომფორტულად ჩემს მხარეში ვგრძნობ. ძალიან ლამაზი ადგილია. იქ გავიზარდე, დავრბოდი ქუჩებში, მინდორში, ვბანაობდი მდინარეში. იქიდან კურორტზე წასვლის სურვილიც კი არასდროს გამჩენია - ვისვენებდი იქ, სადაც ვცხოვრობდი. ჩვენთან უამრავი მდინარე და ჩანჩქერია. ბავშვობაში სათევზაოდ მუდმივად დავდიოდი. კურორტი ყველა კარგია, მაგრამ ჩემი მშობლიური მხარე ყველას მირჩევნია. თუკი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სხვაგან არსად მინდა წასვლა, მხოლოდ ჩემს სამშობლოში გავემგზავრები სიხარულით".

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში გიბრალტართან მატჩში შედგა

ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს. ვლადიმირ ვაისმა ის ახლაც, სამხრეთ კორეასა და დანიასთან მატჩებისთვისაც გამოიძახა (კვარცხელიასთან ერთან, მისი თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილიც).

ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში გატარებულ პირველ წუთებს ასე იხსენებს:

"მაშინ ნაკრებში ძალიან კარგად მიმიღეს. ცდილობდნენ, არ მეგრძნო თავი მათზე პატარად, ასაკს ყურადღებას არავინ აქცევდა. ამავდროულად, ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ 15-16 წლის ასაკიდან მაკვირდებოდნენ. საზეიმო ვითარებაში მისახსოვრეს ნაკრებს ფორმა, ფეხბურთელებმა კი ახალწვეულის დერეფანი მომიწყვეს".

რუბინში ხვიჩასთან ერთად, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი თამაშობენ. კვარაცხელია გუნდში ქართველების სიმრავლეზე საუბრობს:

"ძალიან მეხმარება, გვერდით თანამემამულეები რომ მყავს. ერთმანეთში ბევრს ვსაუბრობთ. თანაც, ჩვენ ყველანი შემტევი ფეხბურთელები ვართ. ეს ჩემთვის სასარგებლოა. გუნდში ჩემი საუკეთესო მეგობარი ზურიკოა. მასთან ერთად დიდ დროს ვატარებ".

ხვიჩას გუნდში თანამემამულეების ყოფნა ძალიან ეხმარება

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის საყვარელ ლიგაზე, კლუბსა და ფეხბურთელებზეც ისაუბრა:

"მთელი ცხოვრება რეალის გულშემატკივარი ვარ. მომწონს კრიშტიანო რონალდო, თუმცა ჩემი კუმირი გუტი იყო. ვუყურებდი მის თამაშს და ვხვდებოდი, რომ ის ძალიან შთამბეჭდავი და ამავდროულად, სასარგებლო იყო გუნდისთვის. მესი თუ რონალდო? მესი არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს, კრიშტიანო კი იმიტომ მომწონს, რომ მან ყველაფერს ძალიან დიდი შრომის ხარჯზე მიაღწია. მიჭირს ამ ორ ფეხბურთელს შორის რომელიმეს გამორჩევა.

მართალია რეალს ვქომაგობ, მაგრამ უძლიერეს ლიგად მაინც ინგლისის პრემიერლიგას მივიჩნევ. ინგლისში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ბევრი გუნდია. იქ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია და ამის გამო, საინტერესო საყურებელია".

ხვიჩას მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს დასახელება უჭირს

ყაზანის რუბინს რუსეთის ჩემპიონატში გასული 8 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ქართველების გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი დათმო. ხვიჩა გუნდის მიზნებზეც საუბრობს:

"სეზონის წინ ჩვენთვის ამოცანები არ დაუსახავთ. არ დაუსახელებიათ ადგილი, რომელიც უნდა დავიკავოთ. უბრალოდ, ჩვენგან კარგი ფეხბურთის თამაშს ითხოვენ. კონკრეტულად, რომელ ადგილს დავიკავებთ, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ქომაგს ვპირდები, რომ ამ სეზონში მაქსიმალურად მაღალი პოზიციისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუბინს დავეხმარო. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს გოლები, თუ პასები, მთავარია, რომ გუნდს გამოვადგე".

ხვიჩა სამხრეთ კორეასა და დანიასთან მატჩებისთვის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს სტამბოლში ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, 8 სექტემბერს კი თბილისში, დანიის ნაკრებთან, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები