Thumbnail
  • ნაომი ოსაკამ ბელინდა ბენჩიჩთან ზედიზედ მეოთხედ წააგო
  • სამი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია

ამერიკის ღია პირველობა ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგნის გარეშე დარჩა. იაპონელმა ნაომი ოსაკამ მე-13 განთესვის მქონე შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ოსაკამ მისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ ბენჩიჩთან მიჯრით მეოთხედ, წლეულს კი მესამედ წააგო. ამასთან, ბელინდა კლასიფიკაციის ტოპ ხუთეულის წევრებს კარიერაში მეშვიდედ შეხვდა და მეექვსედ იმარჯვა.

ბენჩიჩმა ოსაკა კიდევ ერთხელ გაამწარა

ოსაკას წარუმატებლობა ფრიად წაადგება ავსტრალიელ ეშლი ბარტის, რომელიც მომავალი კვირის რეიტინგში პირველობას დაიბრუნებს. იაპონელს გაასწრებს ჩეხი კაროლინა პლიშკოვაც, უკრაინელი ელინა სვიტოლინა კი, ნაომის ზურგს უკან მაშინ მოიტოვებს, თუკი ნახევარფინალში გასვლას შესძლებს.

ნაომი ოსაკა ნიუ იორკს დაემშვიდობა

ამ დროისთვის, ქალთა ბადეში 3 მეოთხედფინალური წყვილია გარკვეული. ამერიკელი სერენა უილიამსი ჩინელ ქიან ვანგს ეთამაშება, ხსენებული სვიტოლინა – ბრიტანელ იოჰანა კონტას, ხოლო ბენჩიჩი – ხორვატ დონა ვეკიჩს.

ამ უკანასკნელმა ურთულეს მატჩში ჯულია გერგესს 6:7 (5:7), 7:5, 6:3 სძლია, არადა, მე-2 სეტში 5:4-ზე გერმანელს მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, მოწოდებაზე 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ქალთა ბადეში დარჩენილი 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა გვიან ღამით გამოვლინდება.

დონა ვეკიჩმა მატჩ-პოინტი გადაარჩინა

დარჩენილ მერვედფინალებში ამერიკელი ტეილორ თაუნსენდი კანადელ ბიანკა ანდრეესკუს გაეჯიბრება, ხოლო კიდევ ერთი მასპინძელი კრისტი ენი კი ძალებს ბელგიელ ელიც მერტენსთან მოსინჯავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები