Thumbnail
  • არგენტინელი ვეტერანი ბრაზილიელ ლეგენდას კვალში ჩაუდგა
  • 39 წლის კალათბურთელი მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინავს

არგენტინელი ვეტერანი ლუის სკოლა, რომელიც გაისად აპრილში 40 წლის გახდება, საკალათბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. მისთვის მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე სამხრეთამერიკელმა მორიგი შედეგიანი მატჩი დღეს ჩაატარა და ნიგერიასთან 23 ქულა მიითვალა, თუმცა, მთავარი სხვა რამ გახლდათ: აღნიშნულ შეხვედრაში მე-7 ქულის ჩაგდებით, ლუისმა 595 ქულა მოაგროვა და მსოფლიო პირველობების ყველა დროის რეკორდსმენთა სიაში ავსტრალიელ ენდრიუ გაზეს გადაუსწრო.

აფრიკელებთან მატჩის გათვალისწინებით, სკოლას ანგარიშზე უკვე 611 ქულაა და ის მხოლოდ ლეგენდარულ ოსკარ შმიდტს ჩამორჩება, თუმცა კი, მისი ჩამოტოვება შეუძლებელი სჩანს, რადგანაც ბრაზილიელის მონაგარი 906 (!) ქულაა.

საინტერესოა, რომ ხსენებული გაზე ჩინეთში კომენტატორის რანგში იმყოფება და არგენტინელს წარმატება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

“რამდენი წელია, ის ფანტასტიურად ირჯება. ცხადია, ცოტა მეწყინა, როდესაც ჩემი შედეგი გააუმჯობესა, თუმცა, მე მხოლოდ ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშე. ეს, ნახევრად ხუმრობით. მინდა, ლუისს ვუთხრა, რომ ის ნამდვილი ჩემპიონია”.

ლეგენდარულ ავსტრალიელს არგენტინელმაც მალევე უპასუხა.

“შეიძლება მას არ ახსოვს, მაგრამ ენდრიუს თამაშებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ვუყურებდი, როდესაც არგენტინაში თამაშობდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახელი მასთან ახლოს იქნებოდა. თავს მართლაც ახალგაზრდულად ვგრძნობ და აქ სერიოზული მიზნებით ვარ ჩამოსული. არგენტინის ნაკრებს კარგი შედეგის მიღწევა შეუძლია”.

სკოლას შესახებ აღმატებით ხარისხში ისაუბრა სამხრეთამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ერნანდესმაც.

“ის ჩვენი მასწავლებელია. 39 წლისაა, მაგრამ ყოველდღიურად ცდილობს, უკეთესი გახდეს. სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, 14 კვირის განმავლობაში, შინ, სადაც საკალათბურთო მოედანი აქვს, დილის 6 საათიდან განსაკუთრებული პროგრამით ემზადებოდა. ამისთვის, პერსონალური მწვრთნელები ჰყავდა აყვანილი. სკოლა ის კალათბურთელია, რომელსაც ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. ჩვენ ის გვიყვარს”.

ყველა დროის ბომბარდირთა დავაში, შმიდტის, სკოლას და გაზეს კვალად სერბი დრაჟენ დალიპაგიჩი (563 ქულა) და პუერტო რიკოელი ხოსე პიკულინ ორტიზი (511) მოდიან.

აქვე ვთქვათ, რომ არგენტინელებმა ნიგერიასთან აღნიშნული მატჩი 94:81 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

ტურნირზე ასევე მე-2 დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა იტალიამ. მეო საკეტის ბიჭებმა ანგოლა 92:61 გაანადგურეს, რაშიც ჯეფ ბრუკსის ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა) და მარკო ბელინელის 17 ქულა დაეხმარათ.

უკვე დასრულებულ კიდევ ორ შეხვედრაში ვენესუელამ კოტ დ’ივუარს 87:71 სძლია, ხოლო ტუნისმა ირანს 79:67 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები