Thumbnail

ტრანსფერი | მოულოდნელი გარიგება - მაურო იკარდი პარიზში მიდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არც ნაპოლი და არც იუვე - მაურო იკარდი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
  • არგენტინელი ფრანგულ გრანდში იჯარით მიდის

მაურო იკარდი მილანის ინტერში რომ ვერ დარჩებოდა, ეს დიდი ხნის წინ გადაწყდა. როგორც კი ანტონიო კონტე ‘ნერაძურის’ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ერთ-ერთი პირველი, რაც თქვა, არგენტინელი არ მჭირდებაო. მას მერე, 26 წლის ცენტრფორვარდს იუვენტუსში ან ნაპოლიში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. ნეაპოლელებმა ცოტა ხნის წინ ფერნანდო ლორენტესთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურეს, იუვეში კი გონსალო იგუაინი იმდენად კარგად თამაშობს, რომ მაურიციო სარიმ არგენტინელზე ფიქრი შეწყვიტა.

იტალიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, იკარდი პარი სენ-ჟერმენში გადადის! თბილისის დროით 17:00-ზე არგენტინელი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდება და პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ვანდა ნარას და მაურო იკარდის პარიზში ელოდებიან

აღსანიშნავია, რომ პარიზული გრანდი არგენტინელს არ ყიდულობს - მაურო პსჟ-ში იჯარით გადავა და ფრანგული კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატეს უფლებას მიიღებს. კილიან მბაპეს და ედინსონ კავანის ტრავმებმა პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი აიძულა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ახალი მაღალი კლასის ცენტრფორვარდის გადაბირებაზე ეფიქრა.

📌 მაურო იკარდი ინტერში 2013 წელს, სამპდორიადან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მილანურ კლუბში ფორვარდმა ჯამში 219 მატჩში ითამაშა, გაიტანა 124 გოლი და მიითვალა 28 საგოლე პასი. იკარდი ორჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი - 2014/15 და 2017/18 წლების სეზონებში. 2017/18 წლების სეზონში ის იტალიის წლის ფეხბურთელადაც დასახელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები