Thumbnail
  • თურქული მედიის ცნობით, დინაო თბილისის გარემარბს კონიაში ელოდებიან
  • საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი კონიასფორში ითამაშებს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თბილისის დინამოს 23 წლის გარემარბი ლევან შენგელია კარიერას თურქეთში გააგრძელებს. თურქული სპორტული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია, ქართველი ფეხბურთელი კი ქალაქ კონიაში დღეს, 2 სექტემბერს ჩავა და კონიასფორთან კონტრაქტს გააფორმებს.

კონიასფორის ფანკლუბი ტრანსფერს აანონსებს

ლევან შენგელიას თბილისის დინამოში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა - ეროვნული ლიგის 24 მატჩში გატანილი 12 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა, სულ ახლახან კი ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა. ქართველი ფეხბურთელის მომავალს, რომელსაც საქართველოს საზღვრებს გარეთ თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ესპანეთსაც უკავშირებდნენ - ლა ლიგა 2-ის კადისს, თუმცა მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა.

კონიასფორს საკმაოდ აქტიური  გულშემატკივრები ჰყავს 

ლევან შენგელიას საქართველოში თბილისის დინამოს გარდა, გორის დილაში, ქუთაისის ტორპედოსა და ფოთის კოლხეთში უთამაშია. ფეხბურთელმა ორი სეზონი ბელგიურ ტუბიცეში გაატარა, ასევე ითამაშა სამხრეთკორეულ დაეჟეონ სიტიზენში, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა.

კონიასფორს თურქეთის სუპერლიგაში გასული სამი ტურის შემდეგ, სამი ფრე აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს. ზოგადად, ამ გუნდს თამაშების საყაიმო ანგარიშით დასრულება ძალიან უყვარს - თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 8 ფრედ დაასრულა.

ლევან შენგელიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შესაძლოა 5 სექტემბერს ჰქონდეს, როდესაც ვლადიმირ ვაისის გუნდი სტამბოლში სამხრეთ კორეის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები