Thumbnail

რასიზმი კალიარიში - სარდინიელებმა ლუკაკუსაც შეურაცხყოფა მიაყენეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოიზე კინის და მატუიდის შემდეგ, კალიარის ფანებმა ლუკაკუც შეურაცხყვეს
  • ბელგიელს 2 ტურში 2 გოლი აქვს, ინტერი ლიდერობს

მილანის ინტერში გადასულმა რომელუ ლუკაკუმ ერთი კვირის წინ გაიგო, როგორ შეიძლება უყვარდეთ ფეხბურთელი იტალიაში. სადებიუტო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ ‘ნერაძურის’ ტიფოზებმა მას უდიდესი სიყვარული აგრძნობინეს. ახლა კი, მეორე ტურში, ბელგიელმა სერია A-ს “მუქი მხარეც” გაიცნო.

კალიარის გოლები ლუკაკუმ და ლაუტარომ გაუტანეს

კალიარისთან გასვლით მატჩში, რომელიც ინტერმა სწორედ მისი გოლით მოიგო (2:1), ლუკაკუ რასისტული შეტევის მსხვერპლი გახდა. პენალტის შესრულებამდე იგი სარდინიელმა ტიფოზებმა შეურაცხყვეს. პენალტის გატანის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი ტრიბუნას განრისხებული უყურებდა, მერე კი თანაგუნდელებთან იზეიმა. მსაჯმა ფაბიო მარესკამ თამაში არ შეაჩერა.

კალიარის ფანებისგან ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის. აპრილში მათ იგივე გაუკეთეს იუვენტუსის ახალგაზრდა ფორვარდ მოიზე კინს, რომელიც იტალიის ნაკრებში თამაშობს. სარდინიელთა შეტევის მსხვერპლი გახდა იუვეს ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდიც.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ ინტერში მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა - ‘ნერაძურის’ მისი შეძენა 65 მილიონი ევრო დაუჯდა. ბელგიელს სერია A-ს 2 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი, ინტერი კი სატურნირო ცხრილს 6 ქულით ლიდერობს. 6-6 ქულა აქვთ იუვენტუსს და ტორინოსაც, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო (6:1) პირველ ადგილზეა.

ბომბარდირთა რეიტინგში ლუკაკუს 2 ტურის შემდეგ მხოლოდ დომენიკო ბერარდი (სასუოლო) უსწრებს, რომელსაც 3 გოლი აქვს. მესამე ტურში ინტერი უდინეზეს უმასპინძლებს (15 სექტემბერს).

📺 ვიდეო: კალიარი 1:2 ინტერი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები