Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის აშშ-ის ღია პირველობა მერვედფინალში დასრულდა
  • მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკას ტრავმის გამო დანებდა

აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. უიმბლდონის გამარჯვებულმა სერბმა შვეიცარიელ ექს-ჩემპიონ სტენ ვავრინკასთან 2016 წლის ფინალის რიმეიქის დროს, თამაში 4:6, 4:7, 1:2-ზე შეწყვიტა.

“დიახ, ეს მარცხენა მხარის ბრალია. ძალიან გაბრაზებული ვარ,” - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა. ჯოკოვიჩის ტრავმა ჯერ კიდევ არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან მატჩის დროს გახდა თვალსაჩინო - დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებული ლონდეროსთან მოგების შემდეგ ამბობდა, რომ მხარი ძალიან აწუხებდა.

“ასეთი გამარჯვება სიამოვნებას არ მანიჭებს. ნოვაკის გამო ძალიან ვწუხვარ,” - აღნიშნა ვავრინკამ, რომელიც მეოთხედფინალში მედვედევს შეხვდება. 3 წლის წინ ვავრინკამ ჯოკოვიჩი ფინალში დაამარცხა მესამე დიდი სლემი მოიგო.

როდესაც სერბმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ტრიბუნებიდან უსტვინეს. ვავრინკამ მაყურებლების ასეთი რეაქცია მკაცრად გააკრიტიკა: “ძალიან გასაკვირია, როდესაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს იმის გამო უსტევენენ, რომ მან თამაში შეწყვიტა. ნოლე დიდი ჩემპიონია და რომ არა სერიოზული ტკივილები, თამაშს არ შეწყვეტდა,” - აღნიშნა 34 წლის შვეიცარიელმა.

წინა 5 დიდი სლემიდან ჯოკოვიჩმა 4 მოიგო - ბოლოს მან უიმბლდონის ეპიკურ ფინალში, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 5:7, 1:2 სტენ ვავრინკა (მიმოხილვა)

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები