Thumbnail
  • ანტე რებიჩი ფრანკფურტის აინტრახტს ტოვებს და მილანში მიდის
  • სანაცვლოდ, გერმანული კლუბი ანდრე სილვას მიიღებს

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანი ფრანკფურტის აინტრახტის შემტევ ანტე რებიჩს შეუთანხმდა. ეს ინფორმაცია გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა Sky-სთან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა. რებიჩი მილანში იჯარით ითამაშებს და ‘როსონერიში’ ორი წელი დარჩება. სამაგიეროდ, მილანიდან აინტრახტში მიდის ანდრე სილვა.

“კლუბები უკვე შევთანხმდით და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ ანდრე სილვა აინტრახტელი გახდება, რებიჩი კი - მილანელი. 23 წლის სილვა შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ჩვენ ძალიან გაგვაძლიერებს. ყოველთვის გვინდოდა, რომ ორი ფორვარდით გვეთამაშა და სილვას ტრანსფერი ამის საშუალებას მოგვცემს,” - განაცხადა ბობიჩმა.

ანდრე სილვა

შეგახსენებთ, რომ სილვა სევილიაში იყო განათხოვრებული, სადაც 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე, მან მილანში 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

“რაც შეეხება რებიჩს - იტალიაში გადასვლა მისი სურვილი იყო. ფეხბურთი ასეთია. ანტემ ჩვენთან სამი შესანიშნავი წელი გაატარა. შესაძლოა, ეს მისი კარიერის საუკეთესო წლებიც კი იყოს,” - დასძინა ბობიჩმა.

ანტე რებიჩი

2016/2017 წლების სეზონში რებიჩი აინტრახტში იჯარით თამაშობდა, მერე კი ფრანკფურტელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. 2018 წელს რებიჩმა დიდი წვლილი შეიტანა აინტრახტის წარმატებებში - გუნდმა გერმანიის თასი სწორედ მისი დუბლით მოიგო (3:1 ბაიერნთან).

კომენტარები

ბოლო ამბები