Thumbnail
  • აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
  • გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ჩეხეთის ნაკრები ადვილად, 88:67 დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა, აშშ-ის ნაკრებმა პირველივე ტურში შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ჩეხეთის ნაკრებს 88:67 მოუგო.

ამერიკელთა სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: დონოვან მიტჩელი, კემბა უოკერი, ჯეისონ ტეიტუმი, მაილს ტერნერი და ჰარისონ ბარნსი. ჩეხების სასტარტო შემადგენლობიდან კი, ყველაზე ცნობილი მოთამაშე კი, ჩიკაგო ბულსის ტომაშ სატორანსკი გახლდათ.

ჯეისონ ტეიტუმი

ბევრისთვის მოულოდნელად, ამერიკელებმა თამაში ცუდად დაიწყეს და პირველი პერიოდის შუაში აგებდნენ კიდეც, თუმცა მეოთხედი მაინც 17:14 მოიგეს. მალევე ცხადი გახდა, რომ ჩეხები ამერიკელების მაღალ ტემპს დიდხანს ვერ გაუძლებდნენ - პოპოვიჩის გუნდის დიდი უპირატესობა აშკარა იყო.

მიტჩელისა (19 ქულა) და უოკერის (13) კარგი თამაშის წყალობით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თამაშს უფრო და უფრო აუმჯობესებდა და პირველი ტაიმის ბოლოს ამერიკელთა უპირატესობამ +14 ქულა შეადგინა.

დონოვან მიტჩელი

ცხადი იყო, რომ პოპოვიჩის გუნდი მეორე ტაიმში კიდევ უფრო დაწინაურდებოდა. ზემოთხსენებული დუეტის გარდა, ტეიტუმმა და ბარნსმაც ორნიშნა შედეგები დააფიქსირეს: პირველმა 10 ქულა დააგროვა, უკანასკნელმა კი - 14. ტერნერმა კი 7 მოხსნითა და 2 დაფარებით გაიბრწყინა. ჩეხეთის ნაკრებში საუკეთესო 27 წლის სატორანსკი გახლდათ - მან საბოლოოდ 17 ქულას, 5 პასს და 2 მოხსნას მოუყარა თავი.

სამშაბათს, ჩეხეთის ნაკრები იაპონიას შეხვდება, აშშ კი - თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ამ გუნდების მატჩი თურქების გამარჯვებით, 86:67 დასრულდა.

📺 ვიდეო: ჩეხეთი 67:88 აშშ (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები