Thumbnail

რა სჭირს კლივლენდს? კავალიერსმა თვით ორლანდოსთანაც კი წააგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლივლენდის კრიზისი გრძელდება.
  • კავალიერსმა ორლანდოსთან მეორე ტაიმში სამარცხვინოდ ითამაშა.
  • ლებრონ ჯეიმსიც ბევრს ვეღარაფერს ახერხებს.

ბოლოს და ბოლოს, რა სჭირს NBA-ს ზედიზედ სამგზის ფინალისტ კლივლენდ კავალიერსს?

ლებრონ ჯეიმსის გუნდმა კიდევ ერთი ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა და თვით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ ორლანდო მეჯიქთანაც კი დამარცხდა (98:116). არადა, იყო მომენტი, როცა კავალიერსი 21-ქულიანი სხვაობითაც კი იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ოთხგზის MVP და მისი გუნდი დაუჯერებლად აიჭრა.

თავად განსაჯეთ: მეოთხე პერიოდში კლივლენდელებმა ექვსნახევარი წუთის მანძილზე ვერცერთი ტყორცნა ვერ ჩააგდეს და ჯამში მხოლოდ 9 ქულას მოუყარეს თავი.

ლებრონის ორმაგი დუბლი და ჩაგდებული მეორე ტაიმი

რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს: 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ორმაგი დუბლია და ცუდად ნამდვილად არ ჟღერს (მიუხედავად 6 დაკარგვისა), მაგრამ აქ ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ლებრონს 0 მოხსნა და 0 პასი ჰქონდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ 33 წლის “მეფე” მონდომებით არ იბრძოდა. თუმცა, თვითონ ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს.

“ჩემს თანაგუნდელებს რამდენიმე კარგი მომენტი შევუქმენი, მაგრამ ბურთი კალათში არა არ ვარდებოდა. ასისტებს ვერ დააგროვებ, როცა ბურთი კალათში არ ვარდება,” - ასე ახსნა ლებრონმა თავისი ცუდი თამაში მეორე ტაიმში.

ლებრონ ჯეიმსი: “თანაგუნდელებთან ვალდებული ვარ, რომ სეზონი კლივლენდში დავასრულო!”

ამავდროულად, “მეფემ” გარკვევით თქვა, რომ ამ სეზონს აუცილებლად კლივლენდში დაასრულებს: “თანაგუნდელებთან ვალდებული ვარ, რომ სეზონი აქ დავასრულო - მიუხედავად იმისა, თუ როგორ დავასრულებთ სეზონს.”

საინტერესო ფაქტი: ლებრონის კარიერაში მხოლოდ მეორედ მოხდა ისე, რომ მისმა გუნდმა ერთ სეზონში ერთზე მეტჯერ გაანიავა 20-ქულიანი უპირატესობა. ბოლოს ასეთი რამ 2010/2011 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა “მეფე” მაიამიში თამაშობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაშინ მაიამი მაინც ფინალში გავიდა, მაგრამ იქ დირკ ნოვიცკის დალასთან წააგო.

შეგახსენებთ, რომ კლივლენდმა წინა მატჩიც წააგო - 32 ქულით. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ იმ შეხვედრაში კავალიერსს ჰიუსტონ როკეტსის სახით ძლიერი მეტოქე ჰყავდა.

აქვე ვთქვათ, რომ ორლანდომ, ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. მეჯიქიდან საუკეთესო ჯონათონ სიმონსი გახლდათ, რომელმაც 34 ქულასთან ერთად, 7 მოხსნაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სიმონსმა მხოლოდ მეორე ტაიმში 29 ქულა ჩააგდო - თითქმის იმდენივე, რამდენიც მთლიანად კლივლენდმა (31).

მიუხედავად მორიგი მარცხისა, კავალიერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და ჯერ კიდევ უსწრებს ვაშინგტონს. ორლანდო ბოლოსწინა ადგილზეა...

კომენტარები

ბოლო ამბები