Thumbnail
  • იუვენტუსი 4:3 ნაპოლი
  • ტურინში სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა
  • იუვემ დანილოს, იგუაინის, რონალდოს და კულიბალის წყალობით მოიგო

სერია A-ს მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ალიანც იუვენტუსზე" გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება შედგა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა - გულშემატკივარი უაღრესად ემოციური და უხვგოლიანი საფეხბურთო სპექტაკლის მომსწრე გახდა.

"ბებერ ქალბატონი" კვლავ ვერ გაიყვანა მოედანზე მაურიციო სარიმ, რომელიც სეზონის სტარტს ჯანმრთელობის პრობლემით შეხვდა და მზად ჯერ კიდევ არაა. ტურინელებს ზედ თამაშის წინ კაპიტანიც გამოაკლდათ, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და საოპერაციოა. სამაგიეროდ, ძირითადში მოხვდა ტურინელთა ახალწვეული მატეის დე ლიხტი, რომლისთვისაც ეს მატჩი სერია A-ში სადებიუტო აღმოჩნდა (ისევე, როგორც დანილოსთვის).

ჯორჯო კიელინი საოპერაციოა და გუნდს გაზაფხულამდე ვერ დაეხმარება

თამაში თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო და კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ცუდად გაგრძელდა. უკვე მეოცე წუთისთვის ნაპოლი 0:2-ს აგებდა. თუმცა მანამდე ტურინელებს კიდევ ერთი მცველი დაუშავდათ - უკვე მე-15 წუთზე მატია დე შილიომ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

უკვე მე-16 წუთზე, ნაპოლის ფეხბურთელების მიერ არცთუ ხეირიანად გათამაშებული კუთხურის შემდეგ, ბურთი იუვენტუსის ფეხბურთელებს დარჩათ. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან დუგლას კოშტა შეიჭრა, გზიდან ჩამოიცილა მცველი და ცენტრში  დაბალი პასი გააკეთა. იქ კი ცვლილებაზე იმ წუთას შემოსული დანილო აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით ალექს მერეტის კარისკენ გაუშვა - 1:0. 

დანილოს გოლის გასატანად სულ 29 წამი დასჭირდა. სერია A-ში, ახალ კლუბში სადებიუტო მატჩში მასზე უფრო სწრაფი გოლი (17 წამში) დუვან საპატამ 2017 წლის სექტემბერში შეაგდო.

სამიოდე წუთში მეორე გოლიც გავიდა და ის ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, გონსალო იგუაინმა მიითვალა. მეტოქის საჯარიმოში მყოფმა არგენტინელმა ფორვარდმა ბურთი ბლეზ მატუიდისგან მიიღო, დატრიალდა, ბავშვივით ჩამოიშორა კალიდუ კულიბალი და მძლავრად და ზუსტად დაარტყა - 2:0. 

არგენტინელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა

პირველ ტაიმში იყო კიდევ ორი ძალიან სახიფათო ეპიზოდი ნაპოლის კართან და ორივეჯერ  გატანასთან ძალიან ახლოს სამი ხედირა იყო. ტურინელთა ნახევარმცველმა ორწუთიან მონაკვეთში ჯერ მერეტს ვერ აჯობა, შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოარტყა.

შესვენების შემდეგ მეორე საგოლე პასი დუგლას კოშტამ მიითვალა. მასპინძელთა იერიში ამჯერადაც მარცხენა ფრთიდან განვითარდა, გოლის ავტორი კი კრიშტიანო რონალდო გახდა. პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა ახალ სეზონში ანგარიში გახსნა.

პორტუგალიელმა გოლების ათვლა ახალ სეზონში დაიწყო

იუვენტუსმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საქმე თითქოს გაკეთებული ჩანდა, მაგრამ ამის შემდეგ ორწუთიან მონაკვეთში შჩესნის კარში გოლები მიყოლებით გავიდა. ჯერ მარიუ რუის მოწოდებულ საჯარიმოს დაუხვედრა კოსტას მანოლასმა თავი კარგად, შემდეგ კი უკვე ირვინ ლოსანო გაეპარა დე ლიხტს და ზელინსკის პასი დააგვირგვინა. 

კოსტას მანოლასმა ნაპოლის მაისურით პირველი გოლი შეაგდო

დე ლიხტს კიდევ ერთი შეცდომა 81-ე წუთზე მოუვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა. აქაც ანჩელოტის გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ჯოვანი დი ლორენცომ გაიხარა, რომელმაც ხოსე კალეხონის გადაცემა დააგვირგვინა.   

ტურინელებს მხსნელად კომპენსირებულ დროში კალიდუ კულიბალი მოევლინათ. მირალემ პიანიჩმა სტანდარტი შეასრულა, ნეაპოლელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი ნეაპოლელთა მცველმა ფეხი ისე "კარგად" შეაგება, მერეტი გაშეშებული დარჩა.

ჰოლანდიელს  დებიუტი სერია A-ში მთლად უნაკლო ვერ გამოვიდა

ტურინის იუვენტუსს ამ გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვს და დროებით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ნაპოლი 3 ქულით მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მაურიციო სარის გუნდი 15 სექტემბერს, სტუმრად ფიორენტინასთან ჩაატარებს, კარლო ანჩელოტის შეგირდები კი შინ სამპდორიას მიიღებენ. 

იუვენტუსი 4:3 ნაპოლი

გოლები: 1:0 დანილო (16’), 2:0 იგუაინი (19’), 3:0 რონალდო (62') 3:1 მანოლასი (66'), 3:2 ლოსანო (68'), 3:3 დი ლორენცო (81'), 4:3 კულიბალი (93' ავტოგოლი). 

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო (15’ დანილო), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ხედირა (60' ემრე ჯანი), პიანიჩი, მატუიდი - დუგლას კოშტა, იგუაინი (76' დიბალა), რონალდო.

ნაპოლი (4-4-1-1): მერეტი - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, გულამი (46’ რუი) - კალეხონი, ალანი (74' ელმასი), ზელინსკი, ინსინიე (46’ ლოსანო) - რუისი - მერტენსი.

კომენტარები

ბოლო ამბები