Thumbnail

პორტუგალიამ აზერბაიჯანი გაანადგურა, რიკარდინიო ყველა დროის საუკეთესოა

  • პორტუგალია 8:1 აზერბაიჯანი.
  • რიკარდინიოს პოკერი და რეკორდი.
  • უკრაინა 0:1 ესპანეთი.
  • მოქმედი ჩემპიონები წინ მიიწევენ.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. რუსეთსა და ყაზახეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეურთდნენ.

პორტუგალია მეოთხედფინალში აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და მეტოქეს 8 გოლი გაუტანა. შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო, პირველივე წუთზე აზერბაიჯანელები დაწინაურდნენ. პედრო კერიმ ორ წუთში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-6 წუთზე პორტუგალია დააწინაურა. პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანეს. კერის რიკარდინიო არ ჩამორჩა და პირველივე ტაიმში მანაც დუბლი შეასრულა. 

პორტუგალია პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველ ტაიმში ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა სამი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 8:1 განადგურდა. რიკარდინიომ შეხვედრაში პოკერის შესრულება მოახერხა. პორტუგალიის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

რიკარდინიოს ევროპის ჩემპიონატებზე 21 გოლი დაუგროვდა, რითიც კონსტანტინ ერემენკოს რეკორდი მოხსნა და ფუტსალის ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

მეორე მეოთხედფინალში დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. უკრაინისა და ესპანეთის მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. პირველი ტაიმის მე-18 წუთზე პოლამ ესპანეთი დააწინაურა და ამ ერთადერთი გოლით ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალის საგზური გაუნაღდა. ხოსე ვენანსიო ლოპესის შეგირდებს ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრებთან დაპირისპირება მოუწევთ.

ნახევარფინალური მატჩები 8 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები