Thumbnail

დიდი დანაკლისი იუვენტუსისთვის - კიელინი საოპერაციოა, შანსი დე ლიხტს

  • ჯორჯო კიელინიმ ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და საოპერაციოა
  • მაურიციო სარის გუნდისთვის გამოცდილი მცველის გამოკლება დიდი დანაკლისია 
  • კიელინის ტრავმა იუვენტუსის დაცვის ხაზში დამკვიდრების შანსს დე ლიხტს აძლევს

ტურინის იუვენტუსის მცველმა ჯორჯო კიელინიმ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, საოპერაციოა და გუნდს დიდი ხნით გამოკლდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, 35 წლის მცველს პრობლემა ვარჯიშზე შეექმნა. გადაწყვეტილია, რომ კიელინის უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.

რამდენი ხანი გაუცდება ტურინელთა კაპიტანს, უცნობია, ასეთი ტრავმის შემდეგ, როგორც წესი, ფეხბურთელებს რეაბილიტაციისთვის ნახევარი წელიწადი სჭირდებათ ხოლმე. შესაბამისად, კიელინი მოედანს სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაუბრუნდება.

ჯორჯო კიელინი იუვენტუსში 2005 წლის ზაფხულში, ფიორენტინადად გადავიდა. მისი ტრანსფერი "ბებერ ქალბატონს" 77 მილიონი ევრო დაუჯდა. ტურინულ კლუბში გატარებული 14 წლის განმავლობაში, მცველმა 507 მატჩში ითამაშა, 36 გოლი გაიტანა და 16 ჯილდო მოიგო. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ნაპოლისთან მატჩში მატეის დე ლიხტის დებიუტს ელიან

ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს ახალი სეზონი სტუმრად პარმასთან გამარჯვებით დაიწყო (1:0), მეორე ტურში კი, 31 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე ნაპოლის მიიღებს. ამ შეხვედრაში ტურინელთა ახალწვეულის, ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის სერია A-ში დებიუტს ელოდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები