Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში მასზე 100 ადგილით უკან მყოფ მეტოქესთან დამარცხდა
  • ნიკოლოზი ლაივ-რეიტინგში მაინც მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზეა

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში მე-3 წრეში დაასრულა. ნიკა გერმანელ დომინიკ კოეპფერთან (118-ე) ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, უნებლიე და ორმაგ შეცდომებს ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხა და 2:42 სააათში 3:6, 6:7 (5:7), 6:4, 1:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 14 ორმაგი და 68 უნებლიე შეცდომა დაუშვა

შეგახსენებთ, რომ გასულ წრეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბისთან მატჩში ბასილაშვილს 15 ორმაგი და 71 უნებლიე შეცდომა ჰქონდა და ახლაც, ფაქტობრივად იგივე შედეგზე გავიდა – 14 და 68, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. გერმანელ ჩოგბურთელს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, თუმცა, მატჩი უფრო ბასილაშვილმა წააგო, ვიდრე კოეპფერმა მოიგო.

პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკი გერმანელმა ჩოგბურთელმა გამოიყენა და ეს, სეტის მოსაგებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მანვე ნიკოლოზის მოწოდება მე-2 სეტის სტარტზევე აიღო, თუმცა, შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხ გეიმში იმარჯვა. მოგვიანებით ბასილაშვილი 5:2 დაწინაურდა და თითქოს საქმე გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ ასე არ მოხდა. კოეპფერმა ტაი-ბრეიკამდე მისვლა მოახერხა და იქ 7:5 იმარჯვა.

დომინიკ კოეპფერმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა მე-3 სეტი ბრეიკით გახსნა, სეტის შუაწელამდე ლიდერის რანგში მიაღწია, 4:3-ზე კი 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და თანაფარდობა აღსდგა. საბედნიეროდ, ნიკამ მყისვე უკუბრეიკი შეასრულა და სეტი სათავისოდ დაასრულა – 6:4. წესით, ამ წარმატებას ნიკასთვის დამატებითი ძალები უნდა მიეცა, მაგრამ მე-4 სეტში მისი თამაში სრულიად მოიშალა და 1:6 განადგურდა.

ამგვარად, ბასილაშვილმა ნიუ იორკში შარშან მოპოვებული 180 ქულიდან მხოლოდ ნახევარი დაიცვა, თუმცა, ლაივ-რეიტინგში მაინც მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზე გადაინაცვლა და დიდი შანსია, ეს პოზიცია ნიუ იორკული ტურნირის დასრულებისთვისაც შეინარჩუნოს.

ამასობაში, ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ტრადიციულად წყვილთა შეჯიბრში ირჯება. მან და რუსმა ეკატერინა ალექსანდროვამ ამერიკელ მედისონ ბრენგლესა და იაპონელ ენა შიბაჰარას 2:6, 6:0, 6:4 სძლიეს და მე-2 რაუნდში გააღწიეს, სადაც პირველი განთესვის მქონე უნგრელ ბაბოშს და ფრანგ მლადენოვიჩს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები