Thumbnail
  • უეფამ 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა
  • სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვირჯილ ვან დაიკი დაასახელეს
  • ცერემონიალზე მყოფ კრიშტიანო რონალდოს არცერთი პრიზი შეხვდა 

მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრასთან ერთად, 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. 

მეტი ამ თემაზე: დიდი ფეხბურთის მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები გაირკვა!

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

მამაკაცთა ჯილდოზე შორტ-ლისტი წინასწარ ჟიურიმ შეადგინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ჯგუფური ეტაპების მონაწილე გუნდების 80 მწვრთნელისგან, ასევე უეფას ყველა ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან შედგა. მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა საუკეთესო სამეული წინდაწინ გამოავლინეს და მასში მოხვდნენ: ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, ლივერპული), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი).

კრიშტიანო რონალდო ამჯერად მხოლოდ სამეულში მოხვედრით დაკმაყოფილდა

უეფამ ამ სამეულიდან ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ტრიუმფატორი, ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკი გამოარჩია. ტურნირის ფინალში მერსისაიდელებმა ტოტენჰემი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, 28 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კი ლიგის 12 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ვან დაიკს ჯილდო უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა გადასცა

სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლიონის ინგლისელი ლეგიონერი ლუსი ბრონზი დასახელდა. ჯილდოზე ნომინანტებიც მისი თანაგუნდელები იყვნენ - ფრანგი ამანდინ ანრი და ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგი.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვითაც გამოავლინა.

სეზონის საუკეთესო მეკარე

რჩეული ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი გახდა, რომელმაც გუნდთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახლახან კი უეფას სუპერთასიც დაისაკუთრა. ბრაზილიელმა ბარსელონის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ლონდონის ტოტენჰემის გოლკიპერს უგო ლორისს აჯობა.

სეზონის საუკეთესო მცველი

საუკეთესოდ აქაც ვირჯილ ვან დაიკი დასახელდა. ჯილდოზე ნომინირებული ასევე იყვნენ ლივერპულის კიდევ ერთი მოთამაშე - ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი და აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი მატეის დე ლიხტი, რომელიც სეზონის წინ იუვენტუსში გადავიდა.

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი

საუკეთესოდ ამსტერდამის აიაქსიდან ბარსელონაში ამ ზაფხულს გადასული ფრენკი დე იონგი დასახელდა, რომელმაც ჯორდან ჰენდერსონსა (ლივერპული) და კრისტიან ერიქსენს (ტოტენჰემი) აჯობა. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ამსტერდამულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალამდე გააღწია.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი

ამ ნომინაციაში ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ლიონელ მესიმ გაიმარჯვა, რომელმაც ლივერპულელ სადი მანესა და კრიშტიანო რონალდოს (იუვენტუსი) აჯობა. ბარსელონას არგენტინელმა ფორვარდმა, რომლის გუნდი ტურნირს 1/2-ფინალში გამოეთიშა, ლიგის 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა. 

უეფას წლის ფეხბურთელები (ყველა გამარჯვებული)

2011  - ლიონელ მესი

2012 - ანდრეს ინიესტა

2013 - ფრანკ რიბერი

2014 - კრიშტიანო რონალდო

2015 - ლიონელ მესი

2016 - კრიშტიანო რონალდო

2017 - კრიშტიანო რონალდო

2018 - ლუკა მოდრიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები