Thumbnail

გრან კანარიას ქართველი ახალწვეული – ბურჯანაძე კუნძულებზე წარადგინეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბექა ბურჯანაძე ესპანეთში მე-9 სეზონს იწყებს
  • ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ესპანური გრან კანარია, რომელშიც 25 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. კუნძულელებმა პირველი ვარჯიში ჩაატარეს, მანამდე კი, ქართველი ლეგიონერის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ბექამ გრან კანარიასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთის ჩემპიონატში უკვე მე-9 სეზონს დაიწყებს, აქამდე კი, სევილიაში, ბასკეტ კორუნაში, მორაბანკ ანდორასა და გიპუზკოა ბასკეტში უთამაშია.

ბასკურმა კლუბმა, რომელშიც ბექა გასულ სეზონში ირიცხებოდა, ესპანური ლიგა ენდესა დატოვა, თუმცა, ქართველი მძიმე ფორვარდის წარმატებული თამაში (32 მატჩი,  საშუალოდ 25.4 წუთი, 11.3 ქულა, 5.7 მოხსნა, 1.1 პასი) შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მან ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

პრეზენტაციის დროს ბურჯანაძეს 23-ნომრიანი მაისურით გადასცეს, რის შემდეგაც ჩვენებურმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ახალ კლუბს, რომელმაც ზაფხულში დიდი ნდობა გამომიცხადა. მომავალ სეზონში ყველაფერს გავაკეთებ, რათა უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო და გრან კანარიასაც სარგებელი მოვუტანო.

ვეცდები, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მაქსიმალურად დავიხარჯო და ყველა წუთი, რომელსაც მწვრთნელი მომცემს, შესაბამისად გამოვიყენო.

როდესაც გრან კანარიაში გადმოსვლაზე თანხმობა განვაცხადე, 2 ფაქტორი გავითვალისწინე. პირველ რიგში, მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მეორეც – გუნდს თამაში ევროთასზე მოუწევს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

კონსულტაციები იმ მეგობრებთანაც გავიარე, რომლებიც კანარის კუნძულებს კარგად იცნობენ. მათ მითხრეს, რომ ქალაქი დიდებულია და გუნდშიც ჩინებული განწყობაა. ყველაფერია იმისთვის, რომ მხოლოდ კალათბურთზე ვიფიქრო.

მიზნები, როგორც ყოველთვის მაღალი გვაქვს. გრან კანარია ესპანეთის სამეფო თასსა და ლიგა ენდესას პლეი-ოფში გასვლას ეცდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

📺 ბექა ბურჯანაძის პრეზენტაცია გრან კანარიაში

ბურჯანაძე და მისი ახალი თანაგუნდელები ესპანეთის ჩემპიონატში ახალი სეზონის პირველ მატჩს 26 სექტემბერს ჩაატარებენ, როდესაც გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ სარაგოსას უმასპინძლებენ.

ბექა ბურჯანაძის პირველი ვარჯიში ახალ გუნდში

მანამდე, კუნძულელებს 7 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი: 6 და 15 სექტემბერს – ესტუდიანტესთან, 7-ში – ბილბაო ბასკეტთან, 8-ში – პორტუგალიურ ბენფიკასთან, 14-სა და 20-ში უნიკახასთან, 18-ში კი – ფუენლაბრადასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები