Thumbnail
  • ჩეხმა ვარსკვლავმა ქართველი ჩოგბურთელი შეაქო
  • მსოფლიოს მე-3 ჩოგანს ბოლქვაძესთან მე-2 სეტში გაუჭირდა

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთმა უმთავრესმა ვარსკვლავმა კაროლინა პლიშკოვამ აღმატებით ხარისხში ისაუბრა მარიამ ბოლქვაძის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა 21 წლის ქართველს აშშ-ს ღია პირველობის მე-2 წრეში 6:1, 6:4 სძლია და მარცხის მიუხედავად, ეს, მარიამისთვის გამორჩეული თამაში გახლდათ.

პლიშკოვამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბოლქვაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ქართველმა განსაკუთრებით მე-2 სეტში მას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.

“ვფიქრობ, რომ მე-2 სეტში ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. იყო პერიოდი, როდესაც სეტის მოგებაზე ფიქრიც კი თამამად შეეძლო. მაშინ მაქსიმალური მობილიზება დამჭირდა. ზუსტად არ ვიცი ბოლქვაძე რამდენი წლისაა, თუმცა, ფაქტია, რომ ახალგაზრდაა და წინსვლის შანსი აქვს. ნათელია, რომ ამგვარი მატჩები მისთვის მისწრებაა. ასეთ დონეზე თამაში, თანაც ცენტრალურ კორტზე, მას უდიდეს გამოცდილებას მისცემს”.

ქართველი ქომაგები ბოლქვაძე-პლიშკოვას მატჩზე და მათი რეაქცია მარიამის მოგებულ ქულაზე

საინტერესოა, რომ ბოლქვაძემ ნიუ იორკში ჩასვლა და დიდი სლემის ტურნირის სკვალიფიკაციო ტურნირზე თამაში სულ ბოლო წამს გადაწყვიტა (ის აშშ-ს მწვრთნელის გარეშე და ფაქტობრივად, ეულად ესტუმრა), თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გაუმართლა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 3 საკვალიფიკაციო რაუნდი დასძლია, ძირითად ბადეში კი მსოფლიოს 65-ე ჩოგანს, ამერიკელ ბერნარდა პერას 6:3, 5:7, 6:4 მოუგო, რამაც WTA-ს კლასიფიკაციაში ძალიან ახეირა. ლაივ-რეიტინგში ბოლქვაძეს უკვე 398 ქულა აქვს და მისთვის სარეკორდო 152-ე ადგილზე იმყოფება, არადა ამერიკული ტურნირის სტარტამდე 202-ე გახლდათ.

აშშ-ს ღია პირველობაზე ბრძოლას კიდევ 2 ქართველი ჩოგბურთელი აგრძელებს. წვიმიანობის გამო, გუშინ ღამით კორტზე გასვლა ვერ მოახერხა და საქმეში დღეს ვიხილავთ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

მე-17 ნომრად განთესილი ქართველისა და ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბის (მსოფლიოს 394-ე ჩოგანი) დაპირისპირება მე-10 კორტზე, ფრანგული დუელის (კრისტინა მლადენოვიჩი-იონა ფერო) შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის დროით დაახლოებით 20:30 საათზე იქნება.

ტრადიციულად, ქალების წყვილთა ტურნირში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომლის ამჟამინდელი პარტნიორიც ეკატერინა ალექსანდროვა გახლავთ. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები საწყის რაუნდში იაპონელ ენა შიჰაბარას და ამერიკელ მედისონ ბრენგლეს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები