Thumbnail

US OPEN 2019 | მადლობა მსაჯისგან ქართულად - ბოლქვაძემ პლიშკოვასთან იბრძოლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კაროლინა პლიშკოვა 6:1, 6:4 მარიამ ბოლქვაძე 
  • მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა მეორე წრეში დაასრულა
  • 21 წლის ჩოგბურთელმა 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა

ახალგაზრდა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში უდიდეს წარმატებას უკვე მიაღწია, როდესაც აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 21 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგში 202-ეა, საკვალიფიკაციო ბადეში ჯერ ბრიტანელი ჰიზეს უოტსონი (101) დაამარცხა, შემდეგ კი კორეელ ნა-ლაე ჰანს (163) და ჩინელ შილინ ქსუს (215) სძლია და კარიერაში პირველად მოიპოვა დიდი სლემის ძირითად ბადეში თამაშის უფლება.

მარიამი არც აქ გაჩერდა და ნიუ იორკში დიდი სენსიაციაც შემოგვთავაზა, როდესაც პირველ წრეში მასპინძელ ბერნარდა პერას (65) სამ სეტში აჯობა. ნიუ იორკის კორტზე ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე უკვე ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იყო - მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი...

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ქართველის დამარცხება ორ სეტში შეძლო

27 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო - მარიამს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო, მეორე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ პლიშკოვამ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ მაინც გადაწყვიტა.

თამაში საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პლიშკოვამ 9 ეისი მოაწოდა, დაუშვა ერთი ორმაგი შეცდომა, 9-იდან 4 ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო. ბოლქვაძის ანგარიშზე არცერთი ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და 3-იდან 1 რეალიზებული ბრეიკ პოინტია.

📺 თამაშის დასრულების შემდეგ მსაჯმა მარიამს მადლობა ქართულად გადაუხადა

მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში გასვლით 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი აშშ დოლარი საპრიზო გამოიმუშავა.

ნიუ იორკის "ფლაშინგ მედოუს" კორტებზე მოგვიანებით (თბილისის დროით შუა ღამისას) იასპარეზებს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18), რომელიც ტურნირის მეორე წრეში 8 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) შეხვდება.

29 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე ტურნირის წყვილთა თანრიგის პირველ წრეში ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს, რომელიც რუს ეკატერინა ალეკსანდროვასთან წყვილში, ამერიკელების: მედისონ ბრენგლი-ენა შიბაჰარას დუეტს დაუპირისპირდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები