Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველმა თავის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • ფეხბურთელი ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა, თუმცა მისი თამაში ძალიან საეჭვოა
  • საქართველოს ნაკრებს წინ ორი თამაში ელის - სამხრეთ კორეასა და დანიასთან 

ვლადიმირ ვაისმა საბა კვერკველია სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში კი გამოიძახა, მაგრამ დიდი ალბათობით, მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის ცენტრალური მცველი ვერც სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრაში (5 სექტემბერს) ითამაშებს და ვერც დანიასთან ევროშესარჩევის დაპირისპირებაში (8 სექტემბერს). ამის მიზეზი ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიღებული ტრავმაა, რის გამოც საბას ზაფხულიდან მოყოლებული, არ უთამაშია.

წინა სეზონში საბა ლოკომოტივში შეუცვლელი ფეხბურთელი იყო

ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებამდე, კვერკველიამ რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მდგომარეობაზე ესაუბრა:

"მძიმე ტრავმა მქონდა, ვვარჯიშობ საერთო ჯგუფში, ფორმაში შევდივარ. უფლის ნებით, მალე დავბრუნდები და ისევე ვითამაშებ, როგორც უწინ. ტრავმა გასულ სეზონში, უფასთან მატჩში მივიღე და შეცვლა მოვითხოვე. მას შემდეგ გამოვტოვე შეკრება და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. რაც შეეხება ტრავმას, ის იმით იყო გამოწვეული, რომ გასულ სეზონში ძალიან ბევრს ვთამაშობდი, თითქმის პაუზის გარეშე.

არცთუ დიდი ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია და სულ მალე 100%-ით მზად ვიქნები. მკურნალობას სამი თვე დასჭირდა. 

მეეჭვება როსტოვთან (31 აგვისტოს) ვითამაშო, მაგრამ ტკივილები აღარ მაწუხებს და ნაკრებშიც მიშვებენ. ვფიქრობ, მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ დავუბრუნდები. შემდეგ კი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია".

წინ სეზონი საბა კვერკველიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ გუნდში ჩაამთავრეს

საბა კვერკველიამ ამ ზაფხულს მოსკოვის ლოკომოტივიდან ყაზანის რუბინში გადაბარგებულ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელთან ერთადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.

"მენატრება ხვიჩა. რაღა უნდა ვთქვა, წარმატებებს ვუსურვებ. მასთან მუდმივად ვკონტაქტობ და ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით. ლოკომოტივიდან მისი წასვლა ჯერ არ განგვიხილავს და ჩემთვის უხერხულია ამ თემაზე საუბარი".

კომენტარები

ბოლო ამბები