Thumbnail
  • 📅 31 აგვისტო  | ⌚ 20:00 | ⚽ რუსთავი V დინამო ბათუმი  
  • 26-ე ტურის ერთ-ერთი საინტერესო მატჩი რუსთავში შედგება

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება, სადაც რუსთავი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. აჭარული გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რუსთავის მიზანი კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. 

ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და წესით, გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი უნდა იხილოს. ბათუმის დინამომ ბოლო 3 მატჩი მოიგო, 9 გოლი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია. შთამბეჭდავი სერია აქვს რუსთავსაც, რომელსაც დავით ყიფიანის თასის ჩათვლით, 9 მატჩია არ წაუგია. ბოლოს, რუსთაველები სწორედ ბათუმში დამარცხდნენ (1:2), ეს ამბავი კი 2 ივლისს მოხდა. მოკლედ, ერთმანეთს შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. 

ბათუმის დინამო რუსთავთან მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრშია - მათ შორის ჯაბა ჯიღაური და ლადო დვალიშვილი, რომლებმაც ბოლო მატჩებში ლიდერობა იტვირთეს. სრულ მზადყოფნაშია ფლამარიონ ჯოვინო, რომელმაც წინა ტურში, სიონთან დუბლი შეასრულა. ვარჯიში დაიწყო ნიკოლოზ საბანაძემ, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რომ უახლოეს შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი მწვრთნელების, გია გეგუჩაძის და ვარლამ კილასონიას დაპირისპირება გველოდება.

ჯოვინოს ეფექტური გოლი სიონთან

ლევან გეგეჭკორი (დინამო ბათუმი)

“რუსთავი კარგ ფეხბურთს აჩვენებს და რთული, დაძაბული თამაში გველოდება. უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და შესაბამისად, ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაა. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და მჯერა, რომ გვაქვს პოტენციალი, კიდევ უკეთესად, შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ვითამაშოთ”. 

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი)

“რუსთავი ახალგაზრდული გუნდია, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ვიცნობთ მეტოქე გუნდის მწვრთნელს და თამაშის სტილს. მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა, ისევე, როგორც სხვა შეხვედრებში, ერთადერთი მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა. დღეს უფრო შეთამაშებული გუნდი გვყავს, ვიდრე სამი ტურის წინ და თავს არ ვზოგავთ, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ. გადამწყვეტი მატჩები გველოდება”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ რუსთავს ეროვნული ლიგის  ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, 2 ფრე და 0 წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები ორჯერ შეხვდენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ბათუმის დინამომ მოიგო.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსი: 4:1 ბათუმის დინამოს სასარგებლოდ.

⚽ რუსთავს 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია.

⚽ ბათუმის დინამო 49 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სავარაუდო შემადგენლობები

რუსთავი (4-2-3-1): კულუა - კაპანაძე, ბუგულოვი, ნოზაძე, ლაცაბიძე - ვასაძე, გუჯაბიძე - იმნაძე, ქოჩლაძე, სილაგაძე - ქავთარაძე.

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - რამოსი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები