Thumbnail

ტანკი ბელგრადში - ცრვენა ზვეზდა ჩემპიონთა ლიგაში ასეთი ფანებით!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბელგრადის ცრვენა ზვეზდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
  • სერბმა ფანებმა იანგ ბოიზთან მატჩის წინ, სტადიონთან ტანკი დააყენეს

სერბეთის ჩემპიონმა ცრვენა ზვეზდამ შვეიცარიულ იანგ ბოიზთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ ყურადღება უჩვეულო საქციელით მიიპყრო. ბელგრადელმა ფანებმა რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონის (მეტსახელად “მარაკანა”) წინ ტანკი დააყენეს!

“ჩვენს მარაკანას ახლა კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა აქვს,” - დაწერა კლუბმა ინსტაგრამზე და როგორც ჩანს, ცრვენა ზვეზდას ხელმძღვანელები ფანების ამ აქციის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

ბელგრადელი ფანების ამ საქციელს მკაცრად აკრიტიკებენ სერბეთის მეზობელ ხორვატიაში. ხორვატი ჟურნალისტები ბელგრადის სტადიონთან ტანკის დაყენებას სკანდალს და პროვოკაციას უწოდებენ, რადგან ეს ტანკი იუგოსლავიის ომში მონაწილეობდა. ეს ტანკი იმ შეტევის სიმბოლოა, რომელიც სერბებმა 90-იან წლებში, ხორვატიის ქალაქ ვუკოვარზე განახორციელეს და რომელსაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.

შვეიცარიელი ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებენ თუ არა ცრვენა ზვეზდას დასჯას, უეფას ასეთი პასუხი აქვს: “ტანკი T-55 სტადიონის წინ პრობლემას არ წარმოადგენს - თუკი ამ ტანკით არ ისვრიან.”

“დასჯის და პოლიციის ჩარევის არანაირი საფუძველი არ არსებობს!” - ეს სერბეტის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნებოისა სტეფანოვიჩის სიტყვებია.

ცრვენა ზვეზდასა და იანგ ბოისის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბელგრადელები ითამაშებენ, რადგან პირველი მატჩი შვეიცარიაში 2:2 დამთავრდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები