Thumbnail

ალექსის სანჩესი მილანში ჩადის - საათები ჩილელის ტრანსფერის გამოცხადებამდე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი კარიერას სერია A-ის კლუბში გააგრძელებს
  • 30 წლის ჩილელი ფეხბურთელი მილანის ინტერის ღირსებას იჯარით დაიცავს
  • მილანში ალექსის სანჩესი დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის

მანჩესტერ იუნაიტედის ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი კარიერას მილანის ინტერში იჯარით გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური და იტალიური მედია უკვე დაბეჯითებით წერს, Sky Sport-ის ჟურანლისტი ფაბრიციო რომანო კი იუწყება, რომ 30 წლის ფეხბურთელი მილანში დღეს ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს საათებში კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჩილელის კარიერა მანჩესტერში ისე ვერ აეწყო, როგორც ელოდნენ

მანამდე დაიწერა, რომ იტალიური კლუბი მზადაა, ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანოს, შემდგომში მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. პრობლემას ჩილელის მაღალი ხელფასი ხდიდა, რომელიც მანკუნიანელთა კლუბში კვირაში დაახლოებით 426 ათასი ევროა. ინტერი მხოლოდ ამ თანხის ნახევრის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამდა. 

ბოლო ინფორმაციით, კლუბებმა უკვე ყველა საკითხზე მოილაპარაკეს, იჯარის თანხა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ალექსის სანჩესი მანჩესტერ იუნაიტედში 2018 წლის დასაწყისში, ლონდონის არსენალიდან გადავიდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. გასულ სეზონში ჩილელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 27 მატჩში სულ 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. სანჩესს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
 
30 წლის ფორვარდს მანამდე ბარსელონაში, რივერ პლეიტში, კოლო-კოლოში, უდინეზესა და კობრელოაში უთამაშია.  

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები