Thumbnail

ბარსელონამ იოჰან კრუიფის ხსოვნა უკვდავყო - ლეგენდის ძეგლი კამპ ნოუსთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონამ ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ძეგლი გახსნა
  • ლეგენდარული ჰოლანდიელის ქანდაკება 3,5 მეტრი სიმაღლისაა 

ბარსელონამ საშინაო არენა "კამპ ნოუსთან", გუნდის ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფის ძეგლი გახსნა. ცერემონიალს სხვებთან ერთად იოჰანის მეუღლე, დენი და შვილი, ხორდიც დაესწრნენ.  

სკულპტურა, რომელიც ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული, 3,5 მეტრი სიმაღლისაა და 1,5 ტონას იწონის. მასზე ჰოლანდიელმა მოქანდაკემ, კორი ამერლაან ვან ნიკერკმა ოთხი თვის განმავლობაში იმუშავა. 

"ამ ძეგლით მთელი ჩვენი ოჯახი ამაყობს. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ეს განახორციელა. "კამპ ნოუ" განსაკუთრებული ადგილია მამისთვის, რომელმაც აქ დიდი დრო გაატარა როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა", - განაცხადა იოჰან კრუიფის შვილმა, ხორდიმ.

"ეს ძეგლი მუდმივად გაგვახსენებს იოჰან კრუიფს და იმას, თუ რას ნიშნავს ის კლუბისთვის. ის ჩვენი ისტორიისა და არსის მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.

იოჰან კრუიფი 2016 წლის 24 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი ბარსელონას ღირსებას 1973-78 წლებში იცავდა, მისი მწვრთნელის თანამდებობას კი 1988-96 წლებში იკავებდა. 

იოჰან კრუიფმა ფეხბურთელის რანგში კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა და თასი მოიგო, მწვრთნელობისას კი - ესპანეთის ჩემპიონის ოთხი ტიტული, ქვეყნის თასი და სამი სუპერთასი, ასევე - ევროპის ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი.

კომენტარები

ბოლო ამბები