Thumbnail

ჯიმი ტაბიძე ტურის სიმბოლურში - ქართველმა მცველმა ჩემპიონი გაანეიტრალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უფას 23 წლის მცველი რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდის მოგებაში დიდი წვლილი დაიდო
  • ჯიმი ტაბიძემ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდები გაანეიტრალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველს ჯიმი ტაბიძეს რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშო პრაქტიკა მუდმივად აქვს. წინა ტურებში უფას ქართველი ლეგიონერი გუნდის დაცვის ხაზში შეუცვლელი ფიგურა იყო და მართალია, ბოლო მატჩში 84-ე წუთზე შეცვალეს (მცირე ტრავმის გამო), შეხვედრა ძალიან წარმატებული გამოვიდა როგორც პირადად მისთვის, ისე - მისი გუნდისთვის. 

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში უფამ მოქმედი ჩემპიონი ზენიტი მიიღო და სენსაცია მოახდინა - 1:0 სძლია. მასპინძელთა ქართველი მცველი, სანამ შეცვლიდნენ, საკმაოდ დამაჯერებელი იყო დაცვაში და უფას წარმატებაში თავისი არცთუ მცირე წვლილი შეიტანა.

23 წლის ქართველმა მცველმა რუსეთის ჩემპიონები არ გაახარა

შედეგად, ჯიმი ტაბიძე რამდენიმე რუსულმა გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ცნობილმა რუსმა ექსპერტმა ვალერი გაზაევმა, რომელიც championat.com-ისთვის სიმბოლურს ყოველი ტურის შემდეგ ადგენს, ქართველი ფეხბურთელი ზენიტთან უფას სენსაციური გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად დაასახელა:

"ზენიტთან უფას სენსაციური გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი. ბრწყინვალე თამაში დაცვაში ქართველი მცველისგან".

ტაბიძე sportsdaily.ru-ს ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. აი, რას წერს საიტი ქართველზე: 

"უფას დაცვამ რუსეთის ჩემპიონატის ყველზე სახიფათო ფორვარდების დუეტის - ძიუბა-აზმუნის წყვილის ნეიტრალიზება მოახერხა. განსაკუთრებით ძლიერი მატჩი გუნდის სამი ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთს - ტაბიძეს გამოუვიდა. მის ანგარიშზე 58 ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედება იყო, საიდანაც 83% - წარმატებული. ჯემალმა ორთაბრძოლების 77% მოიგო, მის ანგარიშზე 6 ართმევა და ბურთის 8 დაუფლება იყო".

დაახლოებით იმავეს წერს football-media.ru ტაბიძეზე:

"უფელებმა უხერხული მეტოქის ნეიტრალიზება დიდწილად ქართველის დიდებული მოქმედებების გამო მოახერხეს. ტრავმის გამო მან თამაში ვერ ჩაამთავრა, მაინც შეძლო შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებლების მოგროვება".

უფას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ქართველმა მცველმა მიმდინარე ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, შინ ორენბურგთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები